პაკისტანის ქალაქ პეშავარის გარეუბანში, ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანა გაჩერდა, რომელშიც ავღანეთის 30 მოქალაქე იმყოფება. ეს მათი ბოლო გაჩერებაა, სანამ ისინი სამუდამოდ დატოვებენ პაკისტანს.
სამი ოჯახი ავეჯით, ტანსაცმლითა და პირადი ნივთებით სავსე სატვირთოს სახურავზე დიდი სირთულით მოთავსდა. ლურჯ ბურკაში გამოწყობილი ქალი კიბეზე ჩამოცოცდა. ბავშვები კი უფროსებმა ფრთხილად ჩამოიყვანეს. ეს ხალხი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ 3 მილიონზე მეტი ავღანელისა, რომელთა გაძევებასაც პაკისტანი მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს.
ავღანელი ლტოლვილი აჯაბ გული ამბობს, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ მათ ქვეყნის დატოვება აიძულა.
„ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და მათ გვაიძულეს, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა. წასვლა არ გვინდოდა, მაგრამ ჩვენი სახლები რამდენჯერმე დაარბიეს. აქედან ზეწოლის გამო მივდივართ და არა ჩვენი ნებით“, – ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი ავღანეთიდან.
ბევრი მათგანი ამბობს, რომ ავღანეთში მათ შვილებს რთული ცხოვრება ელოდებათ, განსაკუთრებით კი გოგოებს.
„ჩვენი გოგოებისთვის განათლების მიღება ავღანეთში შეუძლებელი იქნება. მათ არ აქვთ უფლება, რომ მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში იარონ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „თალიბანი” მოვიდა, ქვეყანაში ქალებისთვის თავისუფლება და განათლება აღარ არსებობს. აქ კი ჩვენი შვილები სკოლაში დადიან და თავს ბედნიერად გრძნობენ“,- ამბობს ავღანელი ლტოლვილი მუჰამედ ზამირი.
რესტორატორ აკბერ ხანი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ცხოვრობს და თავის რესტორანს უძღვება. თუმცა, ახალი კანონების მიხედვით, როგორც ავღანელს, მასაც მოუწევს ქვეყნის დატოვება.
„აქ თითქმის 50 წელია, ვცხოვრობ. ბავშვი ვიყავი, როცა პაკისტანში ჩამოვედი და ავღანეთში არასოდეს ვყოფილვარ. წარმოდგენა არ მაქვს, იქ ცხოვრება როგორია. ჩემი და ჩემი შვილების ქორწილიც აქ გადავიხადეთ. ჩემი ნათესავებიც აქ მყავს დაკრძალული. ამიტომაც პაკისტანის დატოვების არანაირი სურვილი არ მაქვს“, – ამბობს აკბერ ხანი.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან პაკისტანი 25,000-მა ავღანელმა დატოვა, მათგან 10,741 იძულებით გააძევეს. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არალეგალი ავღანელების დეპორტაციის პროცესი წინ მიიწევს და მომავალში ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ეს არის ბოლო ნაბიჯი პაკისტანის სადეპორტაციო პოლიტიკაში, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და რომლის მიზანი პაკისტანში უკანონოდ მცხოვრები უცხოელების, ძირითადად, ავღანელების გაძევებაა. დედაქალაქიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი გასვლის ვადა 31 მარტს ამოიწურა.