მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება

ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისში, პალესტინელები საკვების რიგში იმ იმედით დგანან, რომ საკუთარი ოჯახებისთვის თითო ულუფის მიღებას მაინც შეძლებენ. რიგი დიდია და ლოდინი დიდხანს გრძელდება, თუმცა საბოლოოდ საკვები მათთვის, ვინც აქ ყოველდღე მოდის, საკმარისი არ არის.

ისედაც მძიმე ვითარება ღაზაში 2 მარტს ისრაელის მიერ საკვებზე, საწვავსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ბლოკადის დაწესების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ახლა მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მიერ დაფინანსებული საცხობები დაკეტილია და გაეროს საწყობები, საიდანაც ფქვილი რიგდებოდა, პრაქტიკულად ცარიელია.

„დღეს, სულ მცირე, 15 ქვაბში ვამზადებთ საკვებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბევრი მოქალაქე დევნილების რაოდენობის მატების გამო აქაურობას საკვების მიღების გარეშე ტოვებს“, – ამბობს საქერ ალ-ჯამალი, ჰუმანიტარული დახმარების ოფიცერი.

„შემოსასვლელების დაკეტვის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დახმარება არ არის. ვითარება სავალალოა – არც საჭმელი, არც სასმელი და არც მათი მოპოვებისთვის არანაირი გზა“.

„მთლიანად ქველმოქმედებას ვეყრდნობით. ისინი ბრინჯსა და საკვებს გვაწვდიან. დახმარება არ შემოდის. ყველაფერი მიუწვდომელია“, – ამბობენ პალესტინელები.

გაეროში აცხადებენ, რომ ასეთ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველად არის.

„ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის თანახმად, ჰუმანიტარული ვითარება ბოლო 18 თვის განმავლობაში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან, სავარაუდოდ, ახლა ყველაზე მძიმეა. მას შემდეგ, რაც ბოლოს ღაზაში მარაგი შევიდა, უკვე თვე-ნახევარი გავიდა. ეს აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ასეთი შეფერხებაა. ჩვენი კოლეგები, რომლებიც იქ ჰუმანიტარული მისიით იმყოფებიან, აღწერენ თავდასხმის მატებას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მსხვერპლი და ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო დარჩენილი ინფრასტრუქტურის განადგურება მოაქვს. ამის ნაწილია ისრაელის გუშინდელი საჰაერო თავდასხმა ქალაქ ალ-აჰლის საავადმყოფოზე“, – ამბობს სტეფან დუჟარიკი, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი.

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ალ-აჰლის საავადმყოფო 13 აპრილს დაიბომბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, განადგურდა სასწრაფო დახმარების განყოფილება, ლაბორატორია, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების შეფერხების შედეგად დაიღუპა მცირეწლოვანი პაციენტი, საავადმყოფო იძულებული გახდა 50 პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაეყვანა. 40 მძიმე პაციენტის გადაყვანა კი, ვერ მოხერხდა.

„საავადმყოფოს დაბომბვის, მიმღებისა და სასწრაფო დახმარების განყოფილების სრული განადგურების შემდეგ ჯანდაცვის სისტემა მწყობრიდან სრულად გამოვიდა. ჯანდაცვის სერვისების არარსებობის გამო დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა“, – ამბობს ტაჰა აბუ შავიში, ალ-აჰლის საავადმყოფოს ექიმი.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ ალ-აჰლი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც ჩაკეტილი საზღვრებისა და მედიკამენტების სიმწირის მიუხედავად, ფუნქციონირებას ახერხებდა. მათი შეფასებით, ჰოსპიტლის აღდგენას სულ მცირე რამდენიმე კვირა დასჭირდება და ბლოკადის გათვალისწინებით განსაკუთრებით პრობლემური რადიოლოგიის განყოფილებისა და ლაბორატორიის აღჭურვილობის შეცვლა იქნება. კლინიკის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ღაზის სექტორის ამ ნაწილში მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება.

ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიღწეული დროებითი ზავი 18 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საჰაერო იერიშითა და  400-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვით დასრულდა. განახლებული დაბომბვის მიზეზად ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე უარი დასახელდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, 50 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის, მებრძოლებთან ერთად, მშვიდობიანი მოქალაქეები, უმეტესად კი, ქალები და ბავშვები არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend