პროტესტი სერბეთის ქუჩებში ყოველდღიურობაა. ის თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ამჯერად სტუდენტების თავშეყრის ადგილი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის გაშუქებაც პროტესტის მონაწილეებისთვის მიუღებელია. თვლიან, რომ ამ შენობაში ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, რაც ინსტიტუციის არსს ეწინააღმდეგება.
„მოვედით, რათა გავაპროტესტოთ სერბეთის რადიო-ტელევიზიის მუშაობა. ისინი არ ასრულებენ მათ ჭეშმარიტ ფუნქციებს და ეს ხალხს აწუხებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, ვინც საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული და ხვდება, რომ ეს ტელევიზია ქვეყანას ინფორმაციულ ბლოკადაში ამყოფებს. დადგა წინააღმდეგობის დრო, რათა ეს შევაჩეროთ“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, ნიკოლა ჯოვანიჩმა.
დიდი ხანია პროტესტი სერბეთში აღარაა მხოლოდ სტუდენტური, მასში ბევრი თაობა მონაწილეობს. მათ შორის ისინი, ვინც ბოლო 12 წელია პოპულისტური ხედვების მქონე მმართველი პარტიის საქმიანობას ყურადღებით აკვირდება, მისი ლიდერის, ალექსანდრ ვუჩიჩის, საქმიანობას კი ავტოკრატიის მთავარ მიზეზად განიხილავენ.
„დღეს ეროვნული ასამბლეა სესიას ატარებს, თუმცა როგორც პარლამენტის წევრი საკუთარ თავს წინააღმდეგობაში მყოფ სტუდენტებთან ერთად ვხედავ. ისინი უპირობოდ მართლები არიან საკუთარ მოთხოვნებში. საზოგადოებრივი მედია გახდა ალექსანდრ ვუჩიჩის სამსახური. რომ შეეძლოს, ამ ქვეყანაზე ტელევიზიის საშუალებით იბატონებდა. მას არ სჭირდება არც მთავრობა, მინისტრები, დეპუტატები, პარლამენტი ან რომელიმე ინსტიტუცია. ერთადერთი პრობლემა რაც მას აქვს ისაა, რომ არ შეუძლია, აკონტროლოს ამბოხებული სტუდენტები, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ”, – აღნიშნა სერბეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, ლიბერალური პარტიის ლიდერმა, სერდიან მილივოჯევიჩმა.
პრემიერ მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის გადადგომამ პროტესტი ვერ ჩაახშო, რადგან სერბებმა იციან, რომ ბერკეტები ქვეყანაში სულ სხვა კაცის ხელშია. შეცდომის აღიარების მსუბუქი მცდელობის შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩი რიტორიკას არ ცვლის და პროცესს გარე ძალების მიერ ორკესტრირებულს უწოდებს. პრეზიდენტმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ 12 აპრილს მასშტაბური შეკრებაც კი გამართა. მან პლატფორმა ნაცნობი გზავნილებისთვის გამოიყენა.
„არ მივცემთ უფლებას გარე თუ შიდა ძალებს, დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ფერადი რევოლუციების დრო დასრულებულია. იარონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვა“, – აღნიშნა 12 აპრილს ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მანამდე ვუჩიჩი თავის გუნდს ეუბნებოდა, რომ „საკუთარი თავის შეცვლა იყო საჭირო”, რადგან ამდენი ხალხი ქუჩებში შემთხვევით არ იკრიბება. სულ ბოლო დიდი აქცია, მართლაც, მასშტაბური გამოდგა, მას 100 000 ადამიანი შეუერთდა. ასეთი რამ ქვეყანას 90-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს. დაძაბული იყო შედარებით მცირე მასშტაბის პროტესტი 12 აპრილსაც, როდესაც ანტისამთავრობო აქციამ სხვადასხვა ქალაქი მოიცვა.
„პოლიცია სტუდენტებისა და მოსწავლეების წინააღმდეგ ძალას იყენებს, რის შედეგადაც ბევრი მათგანი დაშავდა”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, დავუდ დელიმედიაკმა.
ანტისამთავრობო თუ ანტიკორუფციული აქციები ქვეყანაში 1-ელ ნოემბერს დაიწყო. მიზეზი ქალაქ ნოვი სადში განახლებული სადგურის ჩამონგრევა გახდა, რამაც 16 ადამიანი იმსხვერპლა. დაკავებულებს შორის ვერ მოხვდნენ კორუფციაზე პასუხისმგებელი პირები აღმასრულებელი შტოდან.
პროტესტის მონაწილეები კი თვლიან, რომ მშენებლობა ნოვი სადში სწორედ მორიგი კორუფციული სქემით ჩატარდა, მთავრობის მიერ გამოვლენილი გულგრილობა კი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა და პროტესტი გრძელდება.