პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დაკავებას. იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. მათ მიაჩნიათ, რომ გავლენიანი მედიის დამფუძნებლის საპატიმროში დატოვება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„ვერანაირ სამართლებრივ, ლოგიკურ შეფასებას ვერ უძლებს ასეთი არაკონსტიტუციური და არასამართლებრივი გადაწყვეტილება. მათივე ლოგიკითაც, ეს არანაირად არ წარმოადგენს დანაშაულს”, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარემ.
„მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. არ შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს თავისუფლებააღკვეთილი ისე, რომ არ იყოს დასაბუთებული, რატომ იყო ამ ზომის გამოყენება მიზანშეწონილი“, – ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნად აფასებენ მისი კოლეგები. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის წინასწარ პატიმრობაში მოსამართლემ უკანონოდ დატოვა ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ათობით მედიის წარმომადგენელმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.
„მზია ამაღლობელი დასაჯეს სამაგალითოდ. მისთვის პატიმრობის შეფარდებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს. ის ბრალიც კი, რომელიც წაუყენეს, არის დაუსაბუთებელი. მზია ამაღლობელის დასჯა, ეს არის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილი იერიში“, – თქვა საპროტესტო აქციაზე ლიკა ზაკაშვილმა, ონლაინგამოცემა „პუბლიკას” მთავარმა რედაქტორმა.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია 16 იანვარს გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ არხი არ უთმობს საკმარის დროს და არასათანადოდ აშუქებს ჟურნალისტის საქმეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ დღეების განმავლობაში ერთი ნორმალური სიუჟეტიც კი არ გაკეთდა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ერთი ნორმალური „ბექგრაუნდიც“ არ გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე „ბათუმელები” და „ნეტგაზეთი“”, – განაცხადა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ.
„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანია.
კოლეგები და მკითხველები ბევრს საუბრობენ მზია ამაღლობელის დაარსებული გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, მნიშვნელობაზე.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებსაც არცერთი წუთით არ უღალატიათ საკუთარი პროფესიისთვის და ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი არის მზია ამაღლობელი“, – თქვა ჟურნალისტმა ეკა ქადაგიშვილმა.
„თითქმის 25 წელია „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გაბედულად, უკანდაუხევლად აშუქებენ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს, ააშკარავებენ კორუფციას, საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე, რაც ძალიან აღიზიანებს ბევრს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლია ჩახუნაშვილმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან, სადაც ახლა ის იმყოფება, 15 იანვარს წერილი გამოაგზავნა.
„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანისა და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომლებიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”.
16 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა. ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზიას მონაყოლის თანახმად, დაკავების შემდეგ განყოფილებაში ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანმა დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას. მზიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს.
მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სახალხო დამცველმა მოსაზრება წარუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. დოკუმენტში საუბარია „აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა“.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს ჯერ ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო ბანერის გაკვრისთვის, მალევე გათავისუფლების შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მუხლი, რომლითაც ჟურნალისტია დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.