მოქალაქეთა 51-დღიანი პროტესტის ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს.
„ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილი „თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის“ პეტიციის ხელმომწერებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური რისკების შესახებ ისაუბრეს. არსებულ ვითარებაში გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ გზად ბიზნესმენებს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროევროპული აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლება მიაჩნიათ.
ბიზნესმენთა შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, საქართველოს მოსახლეობა ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, როგორებიცაა უმუშევრობის, სიღარიბისა და ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა, ასევე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ და ქვეყანაში შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა უკვე დააზიანა არაერთი მიმართულება, მათ შორის ტურიზმი. ბიზნესმენთა თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველო მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რაც, მათი შეფასებით, გააუარესებს როგორც ბიზნესგარემოს, ისე მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე. ბიზნესმენები ასევე განმარტავენ, რომ სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისთვის საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაც.
ერთობლივი დისკუსიის ორგანიზატორი საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად შექმნილი „თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა“ – freebusiness.ge-ია. პლატფორმა დღეისთვის 2 500-მდე სხვადასხვა ბიზნესსფეროს მცირე, საშუალო და მსხვილ სამეწარმეო სუბიექტს აერთიანებს.