მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია დილიდან მართავს შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია. ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას.

პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას. ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოშიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებზე არ ვისაუბრებ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ წარმატებას მომავალშიც“, – აღნიშნა ალიევმა.

პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალური წვლილის შეტანის თაობაზე ქართული მხარის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, ასევე განვიხილეთ რეგიონში გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი შეხვედრაზე.

დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს იყო ნაყოფიერი, პროდუქტიული შეხვედრა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრის მაღალი დონეზე ორგანიზებისა და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე  აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს, შეხვდა. შემდეგ კი ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 3 450  კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში საქართველოს გადაეცა საელჩოს შენობისთვის. ეს ტერიტორია ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვსა და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend