აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაიშალა.
მიზეზი დოკუმენტის რატიფიცირებისთვის საჭირო დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა იყო. დე-ფაქტო პარლამენტის სხდომის პარალელურად, შენობასთან ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ე.წ. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენეს.
მოგვიანებით დემონსტრანტებმა შენობის ფანჯრებიდან ე.წ. პარლამენტში შეაღწიეს და ახლა დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანო მათ აქვთ დაკავებული.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ და დე-ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
„მოგმართავთ პარლამენტის დეპუტატებს! არ გაბედოთ და არ წახვიდეთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! ჩაშალეთ სხდომა და არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონის მიღებას! წინააღმდეგ შემთხვევაში აქ სისხლი დაიღვრება და ეს სისხლი თქვენს კისერზე იქნება! გეყოთ სინდისი. სწორ მხარეს დადექით და არ მიიღოთ ამ საშინელებაში მონაწილეობა!“ – განაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.
მოგვიანებით გავრცელდა ოპოზიციონერი ლიდერების ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი აცხადებენ, რომ არ ეწინააღმდეგებიან რუსეთსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო ურთიერთობას და არ მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ. განცხადების თანახმად, მათი პროტესტის მთავარი სამიზნე ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, რომელსაც ანტიაფხაზურ ქმედებებში ადანაშაულებენ.
საინვესტიციო კანონის მიღება ოკუპირებულ სოხუმს ოკუპანტმა რუსეთის ფედერაციამ მოსთხოვა.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ამ ხელშეკრულებას ეკონომიკის წამახალისებლად მიიჩნევს, ხოლო ოპოზიციისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.
ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.