მთავარისაქართველოგამოძიება, საარჩევნო სიების გახსნა, შედეგების ბათილად ცნობა - რას ითხოვს ოპოზიცია?

გამოძიება, საარჩევნო სიების გახსნა, შედეგების ბათილად ცნობა – რას ითხოვს ოპოზიცია?

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ვრცელი ანგარიში წარადგინა.

ოპოზიციური კოალიციის ლიდერების შეფასებით, ანგარიში მოიცავს კენჭისყრის პროცესსა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებს. მასში ასახულია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, ასევე სტატისტიკური უზუსტობები ხმის მიცემის უფლების მქონეთა მაჩვენებელსა და საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა შორის.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოქმედ ავიაკომპანიებს 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩამომსვლელ პირთა სიები მოსთხოვა. ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ამ ფორმით „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბების კიდევ ერთი სქემა გამოიყენა.

კოალიციის „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „დიდ შეცდომად“ მიიჩნევს გადამწყვეტ არჩევნებში ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის თანხმობას. მისი შეფასებით, ელექტრონულ სისტემას 100%-იანი სანდოობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი. მათი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა. საერთაშორისო გამოძიების მექანიზმები, პრეცედენტი, პრაქტიკა და პროცედურა კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ევრონიუს ჯორჯიას“ კითხვაზე საპასუხოდ განმარტა.

13 ნოემბერს, 13-საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიციების – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ სარჩელი. მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ და მტკიცებულებად არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა წარადგინეს, სადაც, მათი თქმით, ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. საქმის მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ სამივე სარჩელი გააერთიანა, თუმცა „საია“ კონკრეტულად მათი სარჩელის ცალკე განხილვას მოითხოვდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, კონკრეტულად მათი სარჩელი ტექნიკურ უბნებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტებზე წვდომა ვეღარ ექნება, რადგან მასალები დალუქულია და პროკურატურის ამ ნაბიჯის შემდეგ, მისივე შეფასებით, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ზუსტად აქედან გამომდინარე, გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

გიორგი გახარიას გუნდი კი ხელისუფლებას სთავაზობს, შეიქმნას პლატფორმა სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს, რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

„ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომელმაც შეიძლება დაამტკიცოს ის, რასაც ირწმუნება – ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა. ამისთვის საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, ან ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რათა თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს – სად და როდის მივეცით ხმა“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.

ოპოზიციური კოალიციებისა და პარტიების გეგმებს „ქართული ოცნება“ დესტრუქციულს უწოდებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაბიჯები აზრს მოკლებულია. უმრავლესობის წევრების თქმით, საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, მანდატებზე უარის თქმა შეუძლებელია, ვიდრე ახალი მოწვევის პარლამენტი არ შეიკრიბება. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ტყუილში ადანაშაულებს და 2020 წლის სცენარს ახსენებს, როდესაც რამდენიმეთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში ისინი მაინც შევიდნენ. მმართველი გუნდის განმარტებით, პარლამენტის პირველი სხდომის მოსაწვევად არც პრეზიდენტის თანხმობა სჭირდებათ და არც ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა.

„როდესაც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მანდატებზე უარი თქვან, სიები ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი არანაირად არ უშვებს შესაძლებლობას, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა საბოტაჟის გზით არ მისცეს საშუალება საქართველოს პარლამენტს, რომ შედგეს და საქმიანობას შეუდგეს. ეს ყველაფერი გამორიცხულია და საინტერესო მომენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი 4 პარტიიდან გაიყო მათი პოზიციები – „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, თითქოს თავის ხელმოწერას ურთავენ ფურცლებს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია პირიქით, მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოსდით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, ანუ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს კანონით განსაზღვრულ ბოლო დღეს, 21 ნოემბერს გამოაცხადებს, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა პირველ დეკემბერს უნდა გაიმართოს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს. ოფიციალურად, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით არ უთქვამს, თუმცა 27 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს.
ამის მიუხედავად, კონსტიტუცია იძლევა საშუალებას, საკანონმდებლო ორგანო მაინც შეიკრიბოს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას 150 წევრიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ, სულ მცირე, 76 დეპუტატი ესწრება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით კი, „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს მიღებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend