„დაიტოვეს” ორგანიზებით თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება. მას უერთდებიან პოლიტიკოსები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
„უშენოდ არ გამოვა”- ასეთია ამ აქციის სლოგანი. მოქალაქეები ამბობენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ იმ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. მათ მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„პროტესტი არის ყველასი ცალ-ცალკე და ერთად. თითოეული ადამიანი არის ამ პროტესტის კერა“, – ამბობს ილია ღლონტი, „დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
„ჩვენი არჩევნებია დასაცავი, ჩვენ უნდა დავიცვათ. კი დასავლეთი გვეხმარება, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ”, – განმარტავს აქტივისტი ანა ჯაყელი.
26 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფი თუ ოპოზიციური პარტიები თითქმის ყოველ დღე მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.