ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის მიზეზი დღეს, 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ტოკიოში 22 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისს იხსნება და 9 აგვისტოს სრულდება.
საგანგებო მდგომარეობის გამო ტოკიოში ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდება და დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან 20:00 საათამდე იმუშაონ.
საგანგებო მდგომარეობა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო გამოცხადდა. ტოკიოში ოთხშაბათს კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით, მნიშვნელოვანად მაღალია.
იაპონიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტია აცრილი.
ადგილობრივი მოსახლეობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თამაშების გადადებას ითხოვდნენ, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ადგილობრივმა ორგანიზატორებმა ოლიმპიადის ჩატარება მაინც გადაწყვიტეს.
2021 წლის ზაფხული სპორტული ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთულია — ტოკიოში ოლიმპიადის დაწყებამდე ევროპაში ფეხბურთის ჩემპიონატი იმართება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი საფეხბურთო ჩემპიონატია, რომლის დროსაც ადამიანები უფრო ხშირად იკრიბებიან და გადაადგილდებიან.
ფინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების 40 პროცენტი ევროპის ჩემპიონატთან პირდაპირ კავშირშია.
~4,500 #Finland fans went to St Petersburg for #UefaEuro2020. By 30 June, 386 of them were #COVID19 +ve. Yesterday that # rose. Finland doing extensive contact tracing to decrease onwards spread➡️#StrongPublicHealthResponse #ContactTracing #CaseInvestigation https://t.co/YJab7Me7JJ
— Catherine Smallwood (@_katusche) July 2, 2021
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ თამაშებზე მაყურებლების დასწრება დასაშვები გახადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღის საფრთხის ქვეშ დგება.