საქართველოში ვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული „ღორის გრიპია“. დეკემბრის დასაწყისში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის ღორის გრიპის ანუ H1 ტიპის წილი 5-იდან 16%-მდე მერყეობდა, დეკემბრის ბოლო კვირას კი 28%-მდე გაიზარდა. გრიპით გამოწვეული სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების შემთხვევების ზრდასთან ერთად ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ რისკჯგუფებს: 5 წლამდე ბავშვებს, ორსულებსა და 65 წელს გადაცილებულებს ექიმთან ჰქონდეთ ყოველდღიური თუნდაც, სატელეფონო კომუნიკაცია, რათა გართულების შემთხვევაში დროულად მოხდეს ექიმის მიერ რეკომენდაციის გაცემა. ექიმები ამბობენ, რომ ავადობის პერიოდში სახლიდან გასვლა დაუშვებელია და ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან ეს ორგანიზმს ვირუსის დაძლევაში ეხმარება.