გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დასავლელი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მის გათავისუფლების მოითხოვენ.
13 ქვეყნის კანონმდებლების, არაერთი დასავლური ორგანიზაციის წარმომადგენლების, ევროპარლამენტის წევრებისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენის, ჯო უილსონის ერთობლივ მიმართვას პლატფორმა X-ზე ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო აქვეყნებს.
Today with a vast group of Friends of Georgia we issue à statement demanding the immediate release of Mzia Amaglobeli and calling for decisive international action. pic.twitter.com/8ebWFOgF1S
— Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) February 4, 2025
განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა სიცოცხლისთვის საშიშ, კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს. მიმართვის ავტორები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეულ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.
„ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის.
ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზა არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციით არის დადგენილი, არამედ წარმოადგენს იმ ხალხის ნებასაც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა“, – ნათქვამია დასავლელი პარტნიორების ერთობლივ მიმართვაში.
როგორც ერთობლივი განცხადების ხელმომწერები განმარტავენ, ისინი „არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რომლებმაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ“. მიმართვის ხელმომწერები ასევე მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დასანქცირებას, ასევე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული კიდევ 52 პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
დასავლელი პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებენ დამოუკიდებელ მედიასა და ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. მათი თქმით, საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.