ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 130-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფების ბრძოლის ფონზე ასობით ათასი ქალი და გოგონა იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. მათთვის უდიდეს და უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს სექსუალური ძალადობა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრთა მხრიდან. თანაც, კონგო არის ქვეყანა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მოწინავეა, აფრიკაში კი პირველი.
რეპორტაჟის ერთ-ერთ კადრში ბანაკის 50-მდე კარავი ჩანს, თუმცა ისე გაცილებით მეტია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში იძულებით გადაადგილებული ქალები ცხოვრობენ ე.წ. კარვებში, რომლებიც ბრეზენტის მსგავსი მატერიით არის გადახურული და იმისგან ვერ იცავს, რისიც ბანაკში მცხოვრებ ქალებს ახლა ყველაზე მეტად ეშინიათ.
სექსუალური ძალადობა ამ ბანაკში საკუთარ თავზე სამწუხაროდ, ბევრმა გამოცადა. სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ მსხვერპლი 42 წლის 4 შვილის დედაა. ის ქმარმა მას შემდეგ მიატოვა, რაც ავტოავარიის შედეგად დაშავდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გაუპატიურების შესახებ დიდხანს არ საუბრობდა. ახლაც უჭირს, თუმცა თავს ძალას ატანს და იხსენებს დევნილთა ბანაკში მისთვის ყველაზე რთულ დღეს.
“ბანაკში შემოიპარა, შუაღამე იყო. ყვირილი ვცადე, პირზე ხელი ამაფარა და მითხრა მოგკლავო. როცა ყველაფერი მორჩა, მითხრა შენ არ მიცნობ, მაგრამ მე კარგად გიცნობ. ამის შესახებ თუ ვინმეს მოუყვები, დავბრუნდები და მოგკლავო”.
ბანაკში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქალმა გადაწყვიტა საკუთარი ამბის მოყოლა. ამბობს, რომ ეს დღე ყოველდღე ახსენდება და ძალიან ეშინია, რომ მის შვილებსაც იგივე არ დაემართოთ.
“ბანაკიდან შვილების გარეთ გაშვების მეშინია. ხშირად უარს ვეუბნები მათ გარეთ გასვლაზე, რომ არ გახდნენ გაუპატიურების მსხვერპლნი. მე რომ გამაუპატიურეს, დავმალე, ამის თქმის მეშინოდა. ვიცოდი არ იყო ჩემი შვილებისთვის კარგი იმის ცოდნა, რომ მათი დედა გააუპატიურეს და ჩემს თავს ამაზე საუბარი ავუკრძალე”.
ძალადობას გადარჩენილები და ბანაკებში დასაქმებული დამხმარე მუშაკები ამბობენ, რომ ბანაკიდან გასვლა ქალებსა და გოგონებს თავდასხმის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა ხშირად ბანაკის ტერიტორიის დატოვება მათთვის აუცილებელია, მაგრამ არც ბანაკში დარჩენა არის დაცვის გარანტი. აქ კარვები პოლიეთილენის პარკზე სულ ცოტათი სქელი მატერიით არის დამზადებული.
„მათ ბევრი არაფერი გააჩნიათ თავის დასაცავად. როდესაც ბანაკიდან ბევრნი, ჯგუფებად გავდივართ, თავს დაცულად გრძნობენ, მაგრამ ხშირად ჯგუფი ბანაკიდან გასვლის შემდეგ იფანტება, რადგან ყველა ერთ ადგილას ხომ არ დაიწყებს შეშის მოძებნას, და ეს სარისკოა”, – რებეკა კიჰიუ, ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე”.
ბანაკში დასაქმებულები ცდილობენ ქალებსა და გოგონებს დაეხმარონ და აუხსნან, რომ ძალადობის შემთხვევაში შეუძლიათ სამედიცინო ცენტრს დახმარებისთვის მიმართონ.
“აქ ადამიანებს აუპატიურებენ. მათ უმეტესობაზე სექსუალურად მაშინ ძალადობენ, როდესაც ისინი შეშის მოსატანად ბანაკიდან გადიან. ჯარისკაცები და ქუჩაში მცხოვრები უსახლკაროები არიან ხშირ შემთხვევაში მოძალადეები. აქ ჩვენ ცნობიერების ასამაღლებლად ვმუშაობთ, აქ ვართ იმისათვის, რომ ყველას ავუხსნათ, თუ ვინმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდება, უნდა იცოდეს, რომ საავადმყოფოში უფასოდ შეუძლია მკურნალობა“, – სელინ ლუანდა, ბანაკის დამხმარე თანამშრომელი
გაეროსა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით კონგოში ცდილობენ ძალადობაგამოვლილ ქალებს სამედიცინო სერვისების მიღებაში დაეხმარონ და ამ გზით მაინც შეუმსუბუქონ მათ არსებული რეალობა. თუმცა ასიათასობით დევნილ ქალს ნორმალურ ცხოვრებას ჯერ კიდევ ბევრი აშორებს.
ქალებმა თქვეს, რომ ყოველ დილით ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნონ საკუთარი ცხოვრება. ხოლო მაშინ როცა დაღამებას იწყებს, მუდმივად ერთი და იგივე გრძნობა ეუფლებათ – შიში.