პოლონეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
თუმცა ბევრი, პოლონეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად ცნობს და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ შესაძლოა, მმართველმა პარტიამ ეს კანონი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ახალი კანონით საჯარო მოხელეს უფლებამოსილება 10 წლით შეუჩერდება.
პოლონეთის პარლამენტში მიღებულ ახალ კანონს კრიტიკულად გამოეხმაურნენ ევროკავშირსა და აშშ-ში. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პოლონეთის მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ კანონმა არ შეზღუდოს ამომრჩეველთა შესაძლებლობა, ხმა მისცენ რჩეულ კანდიდატს. ასევე კანონმა არ უნდა იმოქმედოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე.
,,არ მგონია, რომ ზოგიერთი ადამიანის მიერ წამოჭრილი კონსტიტუციური ბრალდებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი ძალაში აღარ შევიდეს. ის უნდა ამოქმედდეს, რაც შეიძლება მალე“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
პოლონეთში მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ იურისტებიც აკრიტიკებენ.
პოლონეთში ფიქრობენ, რომ რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნასთან დაკავშირებული ახალი კანონის სამიზნე სწორედ დონალდ ტუსკი, იყოს, რომელსაც მმართველ პარტიასთან ასოცირებულ წრეებში „კრემლის კაცს“ უწოდებენ.
4 ივნისს ვარშავაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დონალდ ტუსკმა თავის მხარდამჭერებსა და ახალი კანონის კრიტიკოსებს მოუწოდა, არ დაკარგონ ხელისუფლების ცვლილების იმედი.
თუმცა პოლონეთში მიღებულ ახალ კანონს ჰყავს მომხრეებიც, რომლებსაც ქვეყანაში არ სურთ რუსეთის გავლენების გაძლიერება.
დონალდ ტუსკის მიერ ორგანიზებულ აქციას პოლონეთში ნახევარი მილიონი მოქალაქე დაესწრო. პოლონეთში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნისთვის მიღებული ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაც იქნება განხილული.