მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს...

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს – ანალენა ბერბოკი

საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ გულწრფელი და მებრძოლი მოქალაქეების პროტესტზე, „ქართული ოცნება” რეაგირებს დაშინებითა და ძალადობით.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველებისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად.

“ბებიები, რომლებიც ყინულოვან სიცივეს უძლებენ და არ ეშინიათ ხელკეტების.  წყლით გაჟღენთილი ახალგაზრდები ჭავლის მანქანებს ევროპის დროშებით უპირისპირდებიან. ოპოზიციის ლიდერები სასტიკად სცემეს და გაიტაცეს. კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი ყველაზე პატარა სოფლებში და დიდ ქალაქებში გაბედულად მართავს დემონსტრაციას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი  გულით ატარებენ ევროპას, პროევროპული პროტესტი კი მათი ხმაა. ამ ყველაფერზე კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პასუხი დაშინება, ძალადობა და წყლის ჭავლია. თავისი ანტიევროპული შემობრუნებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამით ფაქტობრივად შეაჩერა ის. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ევროკავშირშიც ახლა უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერების თაობაზეც.

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების გატარების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. ეს ყოველთვის ცხადი იყო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვისაც.

მაგრამ ნაცვლად პროგრესისა, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელიც მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა; უთანასწორო ძალადობა დემონსტრანტებზე; ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტქიუ უფლებების შეზღუდვა. ასე ფლანგავს „ქართული ოცნება“ ისტორიულ შესაძლებლობას, რაც ევროკავშირმა ქვეყანას შესთავაზა.

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც საფრთხე შეუქმნა ათწლეულების მანძილზე გერმანიასთან საქართველოს პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები.

ამასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ჩვენს პარტნიორებთან, ეს ზომები ეხება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და მიზანმიმართულ სანქციებს.

ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები  ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად  და რაც მთავარია შესთავაზონ კარგი მომავალი საქართველოსთვის”, – წერია განცხადებაში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend