მთავარისაქართველოსაარჩევნო რეფორმის ორი განსხვავებული კანონპროექტი და პოლიტიკური განხილვები

საარჩევნო რეფორმის ორი განსხვავებული კანონპროექტი და პოლიტიკური განხილვები

ერთი გადასაჭრელი საკითხი უკეთესი არჩევნებისთვის და კანონპროექტის ორი განსხვავებული ვარიანტი „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციისგან.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების საკუთარი ვარიანტი, ამჯერად საპარლამენტო ოპოზიციამ წარუდგინა პარლამენტს. მთავარი, რაც ამ პროექტს განასხვავებს მმართველი პარტიის ვერსიისგან,  საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდაა და ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებაა.

კერძოდ, არსებული კანონით საზღვარგარეთ სიების ფორმირება დამოკიდებულია მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომით ან საზღვარგარეთ რეგისტრირების შემთხვევაში. კანონი ადგენს ასევე ერთ შესაძლებლობას, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა ამომრჩეველმა რეგისტრაცია გაიაროს შექმნილ საარჩევნო უბანში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

პროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საფუძვლით, არამედ საზღვარგარეთ მყოფი არანაკლებ 200 ამომრჩევლის მოთხოვნით, მათი ადგილსამყოფელის შესაბამისად.

სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საარჩევნო სიის (სპეციალური სია) ფორმირება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა მათი ადგილსამყოფელის მიხედვით.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტში „ქართული ოცნება“ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება და მხარს არ უჭერს. კანონპროექტის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ ორივე კანონპროექტის შეჯერება და უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობის მიღებაა შესაძლებელი. ამისთვის კი, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

“მნიშვნელოვანია, უფრო დაბალანსებულად გამოიყურებოდეს საარჩევნო ადმინისტრაცია კომპლექტაციის კუთხით, ვთავაზობთ, დაბრუნდეს ის წესი, რომელიც ითვალისწინებს კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და სავალდებულობას 2/3- ის მხარდაჭერით, ხოლო თუ ეს ვერ მოხდა მხოლოდ 6 თვით დაინიშნოს შესაბამისი პირი, იმავდროულად ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლებოდეს მხოლოდ ერთხელ. ეს იქნებოდა რეალური ბიძგი, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეღწიათ კონსენსუსისთვის ცესკო- ს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე დანიშვნის დროს.

იმავდროულად შეთავაზებული გვაქვს ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებული წესი.

ახლა პოლიტიკური პროცესის ხელოვნებაც იმაში მდგომარეობს, რომ 2 პრიზმიდან დანახულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მივცეთ გაერთიანების საშუალება, გვეყოს პოლიტიკური გამბედაობაც, რომ იქ სადაც შეთანხმებების სივრცე არსებობს, ეს შეთანხმებები მიღწეულ იქნას,”- განაცხადა „ენმ“-ის ფრაქციის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები გაეცნენ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს. მათი თქმით, ოპოზიციამ დააგვიანა პროცესში მონაწილეობა, რადგან მანამდე მმართველი პარტიის მიერ დაწყებულ პროცესს გაემიჯნენ. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ოპონენტი კოლეგების ინიციატივაზე ჯერ საბოლოო არ არიოს. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაშიც ვენეციის კომისიის დასკვნას ელიან.

“პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საარჩევნო კანონმდებლობაში უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელზეც ახლა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნებს ელოდებიან. ამ დროს სხვა კანონპროექტის ინიცირება ხდება. ეს ორი კანონის პროექტი ბევრ საკითხში ერთმანეთს ფარავს, რაღაც დებულებები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, რაღაცაში იყოს მცირედი განსხვავება, ხოლო რაღაცაში – სულ სხვადასხვა მიდგომები. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე წამყვანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და სიღრმისეული, საგნობრივი დისკუსია სწორედ წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება – იქ გამოიკვეთება, რა საკითხებზე შეიძლება კონსენსუსის მიღწევა და რა საკითხებზე – არა“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტის ოპოზიციის ვარიანტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა და დამატებითი მსჯელობისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნა. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კანონპროექტების ვერსიები ვენეციის კომისიას აქვს შესასწავლად მიღებული. ახლა ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს არბიტრის როლი და ქართველ კანონმდებლებს პოზიციიდან და ოპოზიციიდან, თავისი დასკვნით,  მიეხმაროს კონსენსუსზე დაფუძნებული ვარიანტის მიღებაში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend