საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებელ ადვოკატთა და იურისტთა ჯგუფი წარადგინა. ჯგუფი უსასყიდლოდ დაიცავს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებათ.
„ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სჭირდებათ. შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი. ისინი შეიკრიბნენ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ პირველ ეტაპზე სამართლებრივი რჩევები, რისთვისაც ცხელი ხაზიც იქნება და მათ დახმარება გაუწიონ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენს თვალწინ სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული და თავისუფალი საზოგადოება. ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიანებით – ეს არის ის, რაც ყველაფერზე გაიმარჯვებს ყოველთვის. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან დიდი მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები, უფრო მეტად გვინდა, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ციხიდან.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს ძალიან მალე სხვა გზა არ ექნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„როგორც კი ინიციატივა გაჟღერდა და ადვოკატებს გავუზიარე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა. ეს ჯგუფი კიდევ უფრო იზრდება. ბათუმში, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ინიციატივას და მზად არიან უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. ყოველდღიურად იმართება პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამდენი დღეა ქუჩაში დგანან საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, იცოდნენ, რომ გვაქვს ასეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის ამდენი ადვოკატია მზად“, – განაცხადა მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და იურისტების ერთობლივ ბრიფინგზე.