“ევრონიუს ჯორჯიას” ინფორმაციით, „პფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში ივნის-ივლისში შემოვა და, სავარაუდოდ, ამ პრეპარატით აცრას 18 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ.
ამასობაში კი ქვეყანაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებას ვარაუდობენ. იქამდე კი მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.
ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება, თუმცა ჯერ კიდევ აუცილებელია პირბადის ტარება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, ბოლო ორი-სამი დღის მანძილზე შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა.
თუმცა, მათივე შეფასებით, წინ კიდევ ერთი კვირაა და მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა შემცირდეს.
[br]„საუბარი იმაზე, დასრულდა თუ არა კორონავირუსის მესამე ტალღა და გადავაბიჯეთ თუ არა პიკს, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ადრეა. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ერთი კვირა. თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად იქნება შემცირება ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობის, რაც ჩანს კიდეც, ეს არის ძალიან კარგი. ეს ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგით გადავიარეთ მესამე ტალღა“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა. ეპიდემიოლოგოების შეფასებით, საქართველოც გარკვეულწილად იმეორებს მსოფლიოს მაჩვენებლებს.
„თუ გავითვალისწინებთ ამ სტატისტიკურ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ზუსტად ანალოგიურ ციფრებზე ვართ. მაისის პირველ ნახევარში უფრო მეტი ინფიცირებული იყო, ყოველდღიურ ინფიცირებულთა პიკი სწორედ მაისის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, ახლა, მაისის შუა რიცხვები, დიახ სწორედ ამ პროცენტული რაოდენობით არის შემცირებული ინფიცირებულთა რაოდენობა. ასე რომ, გარკვეულწილად ვიმეორებთ მსოფლიოს მაჩვენებელს. მაგრამ ეს ნაკლებად საიმედოა, ვინაიდან შესაძლებელია ორ მეზობელ ქვეყანას სრულიად განსხვავებული პარამეტრი ჰქონდეს“, – აღნიშნა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.
ამასობაში კი საქართველოში მომავალი კვირიდან „სინოვაკზე“ რეგისტრაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს, 19 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა – სად და როგორ მიმდინარეობდა ჩინური ვაქცინის ეფექტურობის შესწავლა.
„თვითონ ჩინეთში ავტორიზაცია მან მიიღო 2020 წლის თებერვალში. ის ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბრაზილია, ეგვიპტე, ინდონეზია… ამ ვაქცინას საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს არა მარტო ვთქვათ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ძალიან კარგი გამოხმაურება არის ყველა ამ ქვეყანაში ამ ვაქცინაზე“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 1160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დადებითობის დღიური და ბოლო 14 დღის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას ასახავს, 4%-ზე მეტია.
ანა ალელიშვილი