21 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა პირველი კორპუსის ეზოში კარვები გაშალა. ისინი სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.
სტუდენტებმა ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა მას შემდეგ გაახმოვანეს, რაც 19 ნოემბრის დილით, საპროტესტო აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს გამოყენების შესაძლებლობა მისცეს.
საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახური მათ სასწავლო დაწესებულების შენობაში შერჩევითად უშვებს. მათივე განმარტებით, უნივერსიტეტის კარი დაკეტილია მათთვის, ვინც საპროტესტო აქციებშია ჩართული.
სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა ეს ქმედება 20 ნოემბერსაც დაგმეს, როცა პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი მანიფესტი გამოქვეყნდა. მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი დაარსების იდეის შეურაცხყოფად შეაფასეს.
„უნივერსიტეტი არ არის ძალადობის ადგილი, არც ის, სადაც სამართალდამცველები უნდა იდგნენ. უნივერსიტეტი არის განათლების ადგილი. მისი შენობა არის ჩვენი, სტუდენტების სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი იდენტობა, მივიღოთ განათლება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ არ გვიშვებენ აუდიტორიაში, შევქმნათ ალტერნატიული სივრცე, სადაც შევძლებთ, თუნდაც ლექციების ჩატარებას“, ამბობს სტუდენტი ანა გოგოლაძე.
„თითოეული ადამიანის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სწორედ ამ გამოჟონილმა ხმებმა გადაგვიწყვიტა, როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ მომდევნო 4 წელი. არჩევნების შემდეგ ნათლად დავინახეთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკან ევროპისგან და წინ რუსეთისკენ, რაც ნამდვილად არაა ქართველი ხალხის არჩევანი. შესაბამისად, თითოეულმა სტუდენტმა, ლექტორმა თუ რიგითმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა“, – თქვა სტუდენტმა, ლიზა კვაჭაძემ.
„უნივერსიტეტი არის განათლების კერა. ჩვენი პროტესტი გრძელდება. სტუდენტები მოითხოვენ ჯაბა სამუშიას გადადგომას, ასევე ხელახალ არჩევნებს, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩაატარებენ. ვიქნებით აქ, გავათენებთ, ერთად ვიდგებით. ეს არ არის პარტიული შეკრება. აქ არის სტუდენტებისა და მოქალაქეების შეკრება. სტუდენტებს ვთხოვ, მოვიდნენ და დაიცვან ჩვენი მომავალი“, – ამბობს სტუდენტი დათუნა დანელია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფესორებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქუჩებში ახალი თაობის ხმა ყოველდღიურად უნდა ისმოდეს.
„უნივერსიტეტი ეს არ არის მხოლოდ შენობა. ეს არის გარკვეული მენტალობა, რომლის დანგრევა და ჩამოშლა არ შეიძლება. ყველა ავტორიტარი ცდილობდა უნივერსიტეტში შეღწევას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რექტორებსაც ნიშნავდნენ. თითქმის არ არსებობდა არჩეული რექტორი, თუ არ ჩავთვლით პირველ რექტორებს, პეტრე მელიქიშვილს, ივანე ჯავახიშვილს. დღეს რაც ხდება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავრდება ავტორიტარიზმი. სტუდენტები ამას დაასრულებენ. ამიტომაც ვარ აქ, რომ მხარი დავუჭირო ამ ახალგაზრდებს, რადგან ვიცი, მათზე დგას სიმართლე და ჭეშმარიტება. ახალგაზრდას ვერ მოატყუებ. შესაძლოა, ვიღაც ილუზიაში ჩავარდეს, მაგრამ ახალგაზრდა ილუზიებში არასდროს არ არის“, – თქვა მხატვარმა და პროფესორმა, გია ბუღაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან შეკრებილებმა მელიქიშვილის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობით გადაინაცვლეს. მათი მიზანი იყო მისულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც 19 ნოემბრის დილით, საპოლიციო ძალებმა მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაცია დაშალეს, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და 16 პირი დააკავეს. მელიქიშვილის გამზირიდან სტუდენტებმა კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მათი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, კარვებში ღამეს გაათენებს.