პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, კომისიის უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს.
თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შესახებ დასკვნა 4 აგვისტომდე დამტკიცდება.
„კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა.
ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს – ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ – კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს…“ – განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანი უკვე მესამედ მიმართავს პარლამენტს, კომისიის საქმიანობის გაგრძელების თხოვნით. როგორც ის განმარტავს, ამის მიზეზი „წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი საქმეების მოცულობაა“.