ჭალებიდან სამშენებლო ნარჩენი კვლავ გასატანია, ძველს კი ახალი დაბინძურება ემატება
“ეს ადგილი არის ურბანული ოაზისი თბილისის.. ჩემს უკან არის შემორჩენილი ჭალის ტყე, რომელიც გადაურჩა ქვა-ღორღის მოპოვებას და სამშენებლო ნარჩენებში ჩამარხვას.. თუმცა გვერდით არის ტერიტორია, საიდანაც ხდებოდა მოპოვება და ეს კარიერები ღიად არის დატოვებული.. უფრო იქით არის არეალი, რომელიც მთლიანად ნარჩენით არის დაფარული და სწორედ ამ ნარჩენების გატანას ვთხოვთ მერიას”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ტრაპაიძე, რომელიც სტიქიურ ნაგავსაყრელად ქცეული ულამაზესი დიღმის ჭალების დაბინძურებისგან დაცვას უკვე მეხუთე წელია ცდილობს.
“თვალს თუ შევავლებთ, სიმწვანეა ირგვლივ, თუმცა ყოველი ხის ქვემოთ გვეგულება უზარმაზარი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი, მინიმუმ ამ ტერიტორიაზე შეფასებულია რომ არის ნახევარი მილიონი კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი, თუმცა 6 კილომეტრიან ზოლს თუ შევისწავლით ზაჰესის ხიდამდე, რომელიც ასევე დიღმის ჭალების უფრო ვრცელ არეალს – ჯამურად გვაქვს 2 მლნ კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი.”
ამ რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი დიღმის ჭალებში 2020 წლიდან, მას შემდეგ დაგროვდა, რაც ეს ტერიტორია წიაღისეულის უკანონო მოპოვების არეალად იქცა. ქვა-ღორღის მოპოვებისას ამოთხრილ ღრმულებში, სატვირთო მანქანები დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ. ამ პერიოდში, ჩაიმარხა ნარჩენებში უნიკალური ჭალის ტყის ნაწილიც.
სამართლებრივი ბრძოლა სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ დიღმის ჭალების მცველმა, ანა ტრაპაიძემ 2020 წელს, მას შემდეგ წამოიწყო, რაც მერიას ნარჩენების გატანის მოთხოვნით პირველად მიმართა და უარი მიიღო. სამწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, 2024 წლის ნოემბერში, საქალაქო სასამართლომ დიღმის ჭალებში დაგროვილი სამშენებლო ნარჩენების გატანა თბილისის მერის დააკისრა.
“ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული, რადაგან აქამდე არ არსებობდა განსაზღვრება, ვინ უნდა მოახდინოს სამშენებლო ნარჩენის გატანა, თუმცა მას შემდეგ ველოდებით წერილობით გადაწყვეტილებას სასამართლოსი.. მერიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს, არ გვინახავს რაიმე მონდომება ან მუშაობა რომ ამ ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით ან კვლევა მომზადდეს ან პროექტი – შარშან მომზადდა სტრატეგია დიღმის ჭალების აღდგენასთან დაკავშირებით – დოკუმენტიც გულისხმობდა დიღმის ჭალებიდან ნარჩენების გატანას და მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება და სტრატეგია ერთდროულად ამოქმედდეს, თუმცა ეს სტრატეგიის დოკუმენტიც არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და არ ვიცით, რა წერია მასში”, – ამბობს ტრაპაიძე.
წლების განმავლობაში ნაგვის უზარმაზარი გროვები ახალმა გამწვანებამ დაფარა, ძველს კი ნელ-ნელა ახალი დაბინძურება ემატება.
“ორგანიზებულად აღარ, მაგრამ აქა-იქ მაინც იყრება ნარჩენი და არანაირი ზომა არ არის მიღებული, თუნდაც ის, რომ გატანილი არ არის კიდევ ძველი ნარჩენი – ადამიანებს მესიჯს უგზავნის, რომ აქ დაყრა შეიძლება, ვიღაცები მოდიან და ყრიან, და გარდა ამისა, მერია არავითარ პრევენციულ ზომებს არ იღებს – ერთი ნიშანიც კი არ არის დაყენებული, რომ არ დაყაროთ ნაგავი, ერთი რეინჯერიც კი არ დადის, რომ დაყრილი ნაგვის შესახებ ოპერატიულად შეატყობინოს თბილსერვისს და გაატანინოს, ისევ მოქალაქეებს გვიწევს პატრულირება, შემოსული მანქანების დევნა და თქმა, რომ აქ ნაგავსაყრელი არ არსი და შემდეგ უკვე რეპორტი, რომ, აი, ნაგავი დაიყარა.. და კერძო ძალისმხევით მერე ამის გატანა. მაგალითად ამ ტერიტორიიდან 4-5 სატვირთო მანქანით ნარჩენი გავატანინეთ.. მაგრამ სიტუაცია ისევ ძალიან მძიმეა და ნაგავსაყრელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე პირადად მოვაყვანინე ტრაქტორი სამშენებლო კომპანიას, რომელიც აქ მუშაობს, რომ ერთობლივი ძალებით დაგვესუფთავებინა, იმიტომ რომ საშინელი ანტისანიტარია იყო – სამშენებლო ნარჩენებთან ერთად იყო მუნიციპალური ხრწნადი ნარჩენიც, რომელიც საშინელ სუნს აყენებდა. სხვა გზა არ გვქონდა – ერთობლივი ძალებით დავასუფთავეთ.”
დიღმის ჭალების უნიკალური ეკოსისტემა გამორჩეულად მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას მოიცავს – აქ შეიძლება შეხვდეთ იშვიათ ფრინველებს, ასევე წითელი ნუსხითა და ბერნის კონვენციით დაცულ არაერთ სახეობას.
“ჭალის ტირიფები, ვერხვები, იალღუნი – ეს ყველაფერი ჭალის ტყისთვის არის დამახასიათებელი და საქართველოში ძალიან ცოტა ჭალის ტყე გვაქვს შემორჩენილი – დაცული ტყის სტატუსი აქვს მინიჭებული ჭალის ტყეებს, დიღმის ჭალებს სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენ ვეძახით ჭალებს, რეალურად მერიას არ აქვს ეს ტერიტორია მონიშნული როგორც ტყე და ის ამ დაცული სტატუსით სამწუხაროდ არ სარგებლობს. არცერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული რეალურად იმისკენ, რომ ეს ტერიტორია იყოს დაცული. არადა საინტერესო ფლორის გარდა, ჭალის ტყეს აქვს უნიკალური ფაუნაც – რომელსაც სჭირდება ტყეც, ხმელეთიც და წყალიც.. სამწუხაროდ ასეთ მნიშვნელოვანი ტერიტორიის განადგურება ხდებოდა მიზანმიმართულად – რესურსების ამოღებით და სამშენებლო ნარჩენებში ჩაფვლით.. რომ მერე მომხდარიყო, სავარაუდოდ, განაშენიანება, რომელიც არამარტო ამ ტერიტორიისთვის არის დამაზანებელი არამედ მთელი ქალაქისთვის..
ჭალების დასუფთავების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისასთან დაკავშირებით, ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის მერიას მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ამ დრომდე ჩაბარებული არ არის.
რაც შეეხება რეაბილიტაციის სტრატეგიას, გვიპასუხეს, რომ მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. დოკუმენტზე 2023 წლის ივნისიდან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ, მისი გამოქვეყნება კი 2024 წელს იგეგმებოდა.
“ეს არეალი იმითაც არის უნიკალური, რომ აქ მდინარე მტკვარი არ არის მოქცეული ბეტონის ჯებირებში – შეუძლია გადმოვიდეს და დატბოროს, – ზუსტად ამას ჰქვია ჭალა როცა მდინარე თავისუფლად გადმოდის და ამ დატბორვის არეალში წარმოიქმნება ტყე, ჭალა, რომელიც არის გამორჩეული თავისი ხე-მცენარეებით და იმ ფაუნით, რომელიც ირჩევს მსგავს საარსებო გარემოს. დიღმის ჭალებში, გარდა იმისა, რომ არის არაჩვეულებრივი ბუნება და ერთგვარი ოაზისი ეკოსისტემების, თბილისელებისთვის ეს არის ასევე შესანიშნავი განტვირთვის ადგილი, სადაც შეიძლება ბუნებაში გახვიდე, დატკბე მდინარესთან სიახლოვით, გაისეირნო ან ზაფხულის სიცხისგან შეაფარო თავი. თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც აქ გვაქვს ასეთი დიდი დაბინძურება, არც უსაფრთხოებაა გარანტირებული – ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ”, – ამბობს ანა ტრაპაიძე.