მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესის ცენტრში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

ლოს-ანჯელესის ცენტრში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში დემონსტრაციები გრძელდება. კალიფორნიაში არეულობა დაიწყო 6 ივნისს, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ლოს-ანჯელესის ქუჩებში 40 უსაბუთო მიგრანტი დააკავა. დღეს მათი რიცხვი 100-ს სცდება და ფედერალური მთავრობა რეიდებს კვლავ აგრძელებს.

დაკავებები გრძელდება როგორც ლოს-ანჯელესში, ისე სანტა-ანაში და თანამშრომლებს ეროვნული გვარდია იცავს.

11 ივნისს ქალაქის მერმა, კარენ ბასმა ძარცვისა და შენობების დაზიანების მომატებული შემთხვევების გამო კომენდანტის საათი დააწესა.

ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი – Copyright AP

„მინდა ქალაქის მცხოვრებლებს შევატყობინო, რომ ვანდალიზმისა და ძარცვის შესაჩერებლად ლოს-ანჯელესის ცენტრში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოვაცხადე. ბევრი ბიზნესი დაზიანდა ან დაზარალდა. გუშინ ღამით 23 ბიზნესი გაძარცვეს და ვფიქრობ, რომ თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში მანქანით გაივლით, შენობაზე ყველგან სხვადასხვა შინაარსის წარწერას ნახავთ, რაც სხვის ქონებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს“, – ამბობს ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი.

საპროტესტო ტალღა რამდენიმე სხვა შტატსაც მოედო. მაგალითად, ილინოისში, ქალაქ ჩიკაგოს საიმიგრაციო სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კალიფორნიაში რეიდების შეწყვეტა და შტატიდან ეროვნული გვარდიის გამოყვანა მოითხოვეს.

მოგვიანებით ისინი ქუჩებში სკანდირებდნენ: „არა დეპორტაციას!“. დემონსტრაცია მეტწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა ზოგიერთი დემონსტრანტი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხოლო აქცია დაშალეს.

სამართალდამცავებთან დაპირისპირება, ცეცხლმოკიდებული მანქანები და ქაოსი შტატში ბოლო რამდენიმე დღეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და სხვა არალეტალური იარაღი გამოიყენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება შტატში ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების გაგზავნაზე და დასძინა, რომ მისი მიზანი მშვიდობის დამყარებაა.

„ამ ხალხს რაღაც სჭირს. ამ ჩართულობით რაც მე მინდა ესაა მშვიდობა. თუ მშვიდობა იქნება, მაშინ ჩვენ გავალთ. თუ მშვიდობის არარსებობის შანსია, მაშინ ჩვენ იქ დავრჩებით მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ. არეულობის მონაწილეებმა, ან როგორც გინდათ უწოდეთ, უნდა იცოდნენ, რომ ბევრი ადამიანი დააკავეს. ისინი ციხეში დიდხანს იქნებიან. დიდი მადლობა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ზოგიერთი მოქალაქე ქუჩაში ტრამპის ადმინისტრაციის მხარდასაჭერად გამოვიდა და სხვადასხვა ბანერით იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას მხარი დაუჭირა.

ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო დიდი დემონსტრაციები იგეგმება 14 ივნისისთვის, როდესაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონში არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ამ დღის ჩაშლას ეცდებიან, პასუხს აგებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend