შაბათს დილით, თეირანმა ისრაელის მიმართულებით კიდევ 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმოდა თელ–ავივსა და იერუსალიმში. თავდასხმებს სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ისრაელის ათობით მოქალაქე.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, დილიდან განახლდა იერიშები ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების და იმ მეცნიერების და სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობენ.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესსპიკერის თქმით, ფორდოსა და ისპაჰანში მდებარე ბირთვული ობიექტები ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
ისრაელი აფრთხილებს ირანს, არ ისროლოს რაკეტები ქვეყნის მიმართულებით. როგორც ისრაელ კაცმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოსადის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „თუ სროლა გაგრძლდება, თეირანი დაიწვება“.
გაეროში ირანის ელჩის ცნობით, ისრაელის თავდასხმებს ამ დრომდე, სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. დაჭრილია 300-ზე მეტი მოქალაქე. დაღუპულები არიან გენერლები ღოლამრეზა მეჰრაბი და მეჰდი რაბანი, ისევე როგორც ბირთვულ პროგრამაში ჩართული 9 ექსპერტი.
ეს 1980-იანი წლებში ერაყთან ომის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. პასუხად, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი „მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს“.
მაღალი რანგის გენერლების და მეცნიერების ლიკვიდირების, ისევე როგორც ძირითადი ობიექტების განადგურების მიზნით ისრაელმა საბრძოლო თვითმფრინავები და ირანში წინასწარ შეტანილი დრონები გამოიყენა. ისრაელი ამტკიცებს, რომ თეირანზე თავდასხმა აუცილებელი იყო მანამ, სანამ თეირანი ატომური იარაღის შექმნას შეძლებდა.
დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მმართველთა საბჭომ, 20 წლის განმავლობაში პირველად დაგმო ირანი ინსპექტორებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის და დაკისრებული ვალდებულებების არშესრულების გამო. პასუხად ირანმა, მესამე, კიდევ უფრო დახვეწილი ბირთვული ობიექტის შექმნა დააანონსა.
ისრაელის იერიშების შემდეგ, ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ დაგეგმილმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც კვირას უნდა გამართულიყო, “აზრი დაკარგა”.