ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორვატი ფერმწერის მაქსო ვანკას ფრესკების კონსერვაციის პროცესი ბოლო ეტაპზე გადავიდა. პროექტის ფარგლებში პენსილვანიის შტატში ქალაქ მილვალეში არსებული წმინდა ნიკოლოზის ხორვატიული კათოლიკური ეკლესიის კედლებზე არსებული ფრესკების კონსერვაცია მიმდინარეობს.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ხორვატიული ეკლესია იყო. ის 1900 წელს აშენდა, ხოლო 30-იან და 40-იან წლებში ხორვატიული წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა მაქსიმილიან ვანკამ მოხატა. ფრესკები კვამლის, ჰაერში არსებული მარილებისა და წყლის გაჟონვის შედეგად დაზიანდა.
„გარკვეული პერიოდის შემდეგ ფრესკებზე აშკარად აღინიშნებოდა წყლით გამოწვეული დაზიანება. 2009 წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს ფრესკები, პირველად მათ არსებობაში, სრულყოფილად გაგვეწმინდა და აღგვედგინა. 2023 წელს მივიღეთ გრანტი, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში 9 ფრესკაზე უნდა გვემუშავა“, – ამბობს მაქსო ვანკას მილვალის ფრესკების კონსერვაციის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ანა დორინგი.
ფრესკები ასახავს სამართლიანობისა და უსამართლობის, სიმდიდრისა და სიღარიბის სცენებს, ამერიკაში ჩასული ემიგრანტების გამოწვევებს. სამუშაოებში ჩართული ექსპერტები ამბობენ, რომ ის გამოწვევები, რომლებიც ვანკამ მეოცე საუკუნეში კედელზე ასახა, ამერიკაში ხორვატი დიასპორისთვის დღესაც აქტუალურია.
„ფრესკები ეკლესიის მრევლის ისტორიას მოგვითხრობს. ეს არის რწმენის ამბავი. თუმცა ამავდროულად ეს ხორვატი ემიგრანტების ისტორიაცაა. როდესაც აქ სტუდენტები მოდიან, ისინი ფრესკებს ათვალიერებენ, შემდეგ დაბლა სადილზე ჩასულები, იმაზე საუბრობენ, თუ აქ ნანახი ფრესკები, როგორ ეხმიანება მათ დღევანდელობას“, – ამბობს ანა დორინგი.
2025 წლის იანვრიდან მოყოლებული ფრესკების კონსერვაციაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. გასული 4 თვის განმავლობაში მათ გაწმინდეს ჭუჭყი, კედლებიდან კოროზიული მარილები ამოიღეს და გაამყარეს ბათქაშები.
„ჩემს სამუშაოში, ჩემი საყვარელი რამ ის არის, რომ მე მაქვს საშუალება იმას შევეხო, რასაც არავინ შეხებია. შემიძლია დაინახო მხატვრის ფუნჯის მოქმედება, მისი ხელი, მისი შრომა, როგორ ცდილობს, მაღლა პატარა ადგილებამდე მიაღწიოს. ასე უფრო ღრმა კავშირს ვამყარებ მხატვართან, რაც სურვილს მიჩენს კიდევ უფრო კარგად და დიდხანს ვიმუშაო. ჩვენ რესტავრაციის გაკეთება არ გვინდა. არამედ, ჩვენი მიზანია კარგად გამოვაჩინოთ ის, რაც ვანკამ შექმნა. სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს ნაომი რუისი.
ამ დროისთვის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 25 ფრესკიდან 22-ს სრული კონსერვაცია ჩაუტარდა. სამუშაოების მიუხედავად კი, ეკლესიაში ხორვატიული დიასპორა აქტიურად დადის. თვეში ერთხელ კი საკვირაო მსახურება ხორვატიულ ენაზე ტარდება.