მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს განაგრძობს. დონალდ ტრამპი ამჯერად დოჰაში ჩავიდა და კატარის ემირს შეხვდა – ლუსალის სასახლეში ლიდერებმა პრესკონფერენციაც გამართეს და მთავარი ყურადღება რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს დაუთმეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა კატარის ემირს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა ირანზე, რათა დაარწმუნოს ქვეყნის ხელისუფლება, დასთანხმდეს ვაშინგტონთან შეთანხმებას და შეაჩეროს სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამა.

„ვიმედოვნებ, რომ დაგვეხმარებით ირანის საკითხის მოგვარებაში, რადგან ეს ძალიან საშიშია და ჩვენ გვინდა, სწორად მოვიქცეთ. გვსურს, ისეთ რამეს გავუმკლავდეთ, რამაც შესაძლოა მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინოს, რადგან მსგავსი სიტუაცია როცა იწყება, უკონტროლო ხდება. მე ეს ყველაფერი მინახავს. ისინი ომში მიდიან და ყველაფერი უკონტროლო ხდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ორი კურსი არსებობს, არა სამი, ოთხი ან ხუთი, არამედ ორი. ესაა მეგობრული და არამეგობრული. არამეგობრული კურსი ძალადობრივია, რაც მე არ მინდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს გარკვეული შუამავლობა კატარის ემირმაც სთხოვა. მან მოუწოდა დონალდ ტრამპს, დაიწყოს ზეწოლა ისრაელზე ღაზის სექტორში მშვიდობის დასამყარებლად.

„ამ მომენტშიც, ჩვენი გუნდი ინტენსიურად არის ჩართული დიპლომატიურ პროცესში, რათა უზრუნველყოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, დაიცვას ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, განსაკუთრებით უდანაშაულო ქალები და ბავშვები, ასევე გაათავისუფლოს ყველა მძევალი. ამ კონფლიქტის დასრულება რეგიონის სტაბილურობის გასაღებია“, – ამბობს კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი.

მხარეებმა ეკონომიკური შეთანხმებებიც გააფორმეს. კატარსა და შეერთებულ შტატებს შორის შედგა თითქმის ორი მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონისთვის კატარის მიერ წარმოებული სადაზვერვო-დამრტყმელი დრონების მიწოდებას ითვალისწინებს. ასევე 200-მილიარდი დოლარის კონტრაქტის ფარგლებში დოჰას 160 სამოქალაქო ავიალაინერი გადაეცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend