პროტესტის 61-ე ღამეს ჭიათურაში 4 მაღაროელი დააკავეს. დაკავების მიზეზი შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რაც მაღაროელების თქმით, დირექტორის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა შეურაცხყოფას მოჰყვა.
„მოშიმშილე ხალხს თავზე გადაუარეს… სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს, რომ ხმის ამოღებისთვის დავესაჯეთ”, – ამბობს მაღაროელი სიმონ მიქაცაძე.
პროტესტის ოთხი მონაწილე – მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი გვიან ღამით სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მას „სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს“.
მაღაროელთა დაკავებას ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებასა და კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში მთავრობის ჩართვას ითხოვენ.
მაღაროელების უთანხმოება კომპანიასთან არაერთ წელს ითვლის და მაღაროს მუშაობის დროს დაზიანებული სახლების გამო კომპენსაციასა თუ სახელფასო პოლიტიკას უკავშირდება. თუმცა ვითარება ჭიათურაში განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც კომპანიამ რეგიონში სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC) ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა, თუმცა მათივე ინფორმაციით, „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა”.
მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა მაღაროების ხელახლა გახსნის შესახებ, პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ხელმძღვანელობას და მოლაპარაკების პროცესში მთავრობის ჩართვას ითხოვენ.
ევრონიუს ჯორჯია კომპანიის წარმომადგენლებსა და ჭიათურის თვითმმართველობასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს.