საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება – King of Drift 2025 ოფიციალურად გაიხსნა.
ტრადიციულად, უკვე მეოთხე სეზონია, დრიფტის ჩემპიონატი „ლილო არენაზე“ ტარდება. საავტომობილო სპორტმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება, საქართველოშიც შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი და 7 სხვადასხვა ქვეყნის 70-ამდე პროფესიონალი თუ მოყვარული ავტომრბოლელი გააერთიანა.
King of Drift-ის პირველი სერიის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა, მეორე ადგილზე მათე როჭიკაშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი სანდრო ფოფხაძემ დაიკავა. ფინალი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ მსაჯებს გამარჯვებულის გამოსავლენად 2 გარბენი არ ეყოთ და დამატებით 2-ის დანიშვნა მოუწიათ. სამივე საპრიზო ადგილი BMW-ის მარკის ავტომობილებს ერგოთ.
პროექტი King of Drift ცნობილ ქართველ ავტომრბოლელ მევლუდ მელაძეს ეკუთვნის. შეჯიბრება პირველად 2008 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ჩემპიონატის მასშტაბი ყოველ წელს იზრდება და სპორტსმენებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
წლევანდელი შეჯიბრების ერთ-ერთი მსაჯი თავად მევლუდ მელაძე იყო. ორგანიზატორებმა დრიფტის სანახავად მისული მაყურებლებიდან შემთხვევითობის პრინციპით 3 გულშემატკივარი შეარჩიეს. მათ საშუალება მიეცათ, მევლუდთან ერთად, რომელიც თავის ცნობილ ავტომობილ purple junk-ს მართავდა, დრიფტისგან გამოწვეული ადრენალინი შეეგრძნოთ.
King of Drift ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანასა და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. ღონისძიება 2025 წლის სეზონზე ხუთ ეტაპად ჩატარდება.
მომდევნო შეჯიბრება 25 მაისს კვლავ „ლილო არენაზე” გაიმართება, მაყურებელს კი ისევ ექნება შესაძლებლობა, დაუვიწყარი ემოციები გამოცადოს.