მთავარიამერიკააშშისრაელმა ღაზის სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ყველაზე მძლავრი იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ყველაზე მძლავრი იერიში მიიტანა

იანვარში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ისრაელმა ღაზის სექტორზე ყველაზე მძლავრი საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმას სულ მცირე 400 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 500-ზე მეტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანახმად, მან თავდასხმის ბრძანება „ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის ნაკლებობის გამო გასცა. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და პალესტინელებს ტერიტორიის ცენტრში ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, თავდასხმამდე მათ ისრაელთან კონსულტაციები ჰქონდათ და აშშ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.

ღაზის სექტორზე თავდასასხმელად ისრაელის მხარდაჭერის პარალელურად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში, ჰუსიტი მეამბოხეების ჯგუფის 40-ზე მეტ სამიზნეზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა. გარდაცვლილია სულ მცირე 53 პირი.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში დამატებით საჰაერო თავდასხმა იგეგმება – ეს ახლო აღმოსავლეთის მიმართ დონალდ ტრამპის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ჰუსიტების მთავარი მხარდაჭერის, ირანის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდას ემსახურება.

„დაე, არავინ მოტყუვდეს. იემენში დაფუძნებული ბოროტი მაფიოზებისა და ავაზაკების, ჰუსიტების ასობით თავდასხმა ირანისგან მომდინარეობს. ჰუსიტების მხრიდან ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას დიდი ძალით ვუპასუხებთ და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამაზე შევჩერდებით. ირანი თაღლითი ტერორისტების უდანაშაულო მსხვერპლის როლს თამაშობს. თითქოს, მათზე კონტროლი დაკარგეს, მაგრამ არ დაუკარგავთ. ისინი კარნახობენ ყოველ ნაბიჯს, აწვდიან იარაღს, ფულს და უაღრესად დახვეწილ სამხედრო აღჭურვილობას და სადაზვერვო ინფორმაციასაც კი. ჰუსიტების მიერ გასროლილი ყოველი ტყვია, ამიერიდან ირანისა და ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან თავდასხმად აღიქმება. პასუხსაც ირანი აგებს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.

პასუხად ჰუსიტების ლიდერმა აბდულ-მალიკ ალ-ჰუთიმ განაცხადა, რომ აშშ-ის აგრესია ჯგუფს ვითარების ესკალაციისკენ უბიძგებს.

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ამერიკელებს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია გვაიძულებს ესკალაციას ესკალაციით დავუპირისპირდეთ. ამჟამად, ამ აგრესიას სამხედრო გემებსა და ხომალდებზე თავდასხმით ვპასუხობთ. თუმცა, აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ მეტად მწვავე ესკალაციის მეთოდებიც გვაქვს, რომელიც უფრო მტკივნეული იქნება“, – აცხადებს ჰუსიტების ლიდერი აბდულ-მალიკ ალ-ჰუთი.

დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი რიტორიკა მკაცრად გააკრიტიკა ირანის ელჩმა გაეროში. მისი თქმით, ტრამპი და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები „უგუნურ და პროვოკაციულ განცხადებებს“ აკეთებენ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს სიტყვები ქმედებებად იქცა, აშშ საპასუხო ნაბიჯებს უნდა ელოდოს.

საჰაერო თავდასხმა დაგმეს იემენის დედაქალაქ სანააში შეკრებილმა ჰუსიტების მხარდამჭერებმაც.

საპროტესტო აქციაზე აშშ-ისა და ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილებთან ერთად იემენისა და პალესტინის დროშებით მისული დემონსტრანტები სკანდირებდნენ – „გამარჯვება ისლამს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend