აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს, შორის სატელეფონო საუბარი 18 მარტს 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. საუბრის შედეგები თეთრმა სახლმა შეაფასა როგორც „პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ“.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, აგრეთვე, ისინი ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ სამომავლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხებზეც.
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით. მათ, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სისხლი და რესურსი, რომლებსაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავს, უმჯობესი იქნება, საკუთარი ხალხის საჭიროებებზე დახარჯონ.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო შეთანხმებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
🇺🇸 “Many elements of a Contract for Peace were discussed, including the fact that thousands of soldiers are being killed, and both President Putin and President Zelenskyy would like to see it end. That process is now in full force and effect.” – President Donald J. Trump pic.twitter.com/7uh2MfMr62
— The White House (@WhiteHouse) March 18, 2025
მიუხედავად იმისა, რომ საუბრის შემდეგ პრეზიდენტებს პრესკონფერენციები არ გაუმართავთ, როგორც რუსულ, ისე ამერიკულ მედიებში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესახებ გარკვეული ცნობები გავრცელდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რუსულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეწყვეტა მოსთხოვა.
მოგვიანებით, Fox News-ში ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი დახმარების შეწყვეტაზე არ ყოფილა.
„არა, არ გვილაპარაკია, ჩვენ დახმარებაზე არ გვილაპარაკია. რეალურად, ამაზე საუბარი არც ყოფილა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარებაზე არ გვიმსჯელია“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მხარეებს მშვიდობამდე მიიყვანს, თუმცა იმ პირობით, რომ უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.
„მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მიგვიყვანს მდგრად, სამართლიან მშვიდობამდე, მაგრამ ამისთვის უნდა გვესმოდეს – რა დევს სასწორზე. რა არის დეტალები? ღმერთს ვთხოვ, რომ ვიცოდეთ ეს დეტალები და პარტნიორები დაგველაპარაკონ, რადგან ამ ომში ორი მხარეა – რუსეთი და უკრაინა. უკრაინის გარეშე მოლაპარაკების მცდელობა, ჩემი აზრით, არაპროდუქტიული იქნება.
მხარს ვუჭერთ ყველა ნაბიჯს ომის დასრულებისკენ. მხარს დავუჭერთ, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცას მხარი დავუჭიროთ, უნდა გავიგოთ, რა არის ეს. თუ პრეზიდენტი ტრამპი დროს გამონახავს – ის დაკავებული ადამიანია – შეუძლია ნებისმიერ დროს დარეკოს, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ. მზად ვართ, განვიხილოთ მასთან შემდეგი ნაბიჯები“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სატელეფონო საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ზე განცხადებაც გაავრცელა.
მისი თქმით, უკრაინის ცაზე ახლა 40 „შაჰიდის“ დრონია, რომლებმაც რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, მათ შორის საავადმყოფოზეც.
Right now, in many regions, you can literally hear what Russia truly needs. Around 40 “Shahed” drones are in our skies, and air defense is active.
Unfortunately, there have been hits, specifically on civilian infrastructure. A direct hit by a “Shahed” drone on a hospital in… pic.twitter.com/TKTeB9gaZy
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 18, 2025
ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ ესაა ის, რაც რუსეთს რეალურად სურს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე მშვიდობის მისაღწევად
„ახლა ბევრ რეგიონში შეგიძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით მოისმინოთ ის, რაც რუსეთს რეალურად სურს. დაახლოებით 40 „შაჰიდის“ დრონია ჩვენს ცაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემა აქტიურია. სამწუხაროდ, იყო დარტყმები, კერძოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „შაჰიდის“ დრონის დარტყმა სუმის საავადმყოფოზე, დარტყმები დონეცკის რეგიონის ქალაქებსა და ამჟამად კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივის, პოლტავას, ხარკივის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერკასის ცაზეც. სწორედ მსგავსი ტიპის ღამის თავდასხმა ანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, ჩვენს ინფრასტრუქტურასა და უკრაინელთა ნორმალური ცხოვრების პირობებს.
ის ფაქტი, რომ არც ეს ღამეა გამონაკლისი, მეტყველებს, რომ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის მისაღწევად. დღეს პუტინმა, ფაქტობრივად, უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. სწორი იქნება მსოფლიომ უარის თქმით უპასუხოს პუტინის ნებისმიერ მცდელობას ამ ომის გახანგრძლივებაზე, სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, დახმარება გაუწიოს უკრაინას, გააძლიეროს მოკავშირეები თავისუფალ სამყაროში და იმუშაოს უსაფრთხოების გარანტიებზე. მხოლოდ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის რეალურ შეწყვეტას შეუძლია როგორც ამ ომის დასრულების მზაობის დადასტურება, ისე ჩვენი მშვიდობასთან დაახლოება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოვლენებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლციც გამოეხმაურნენ. ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას მათ „მშვიდობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდეს.
ოლაფ შოლცის აზრით, შემდეგი ნაბიჯი უკვე ცეცხლის სრული შეწყვეტა უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად.
„ჩვენ სრულად ვეთანხმებით, რომ ყველა ძალისხმევის მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე. იგივე ეხება ცეცხლის ზღვაზე შეწყვეტისთვის ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც“, – ამბობს გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი.
ემანუელ მაკრონი განმარტავს, რომ მართალია პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს. კერძოდ, მისი აზრით, აუცილებელია, რომ ეს მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოლაპარაკებებში აუცილებელია უკრაინის ჩართვა.
„პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაზომვადი, შემოწმებადი და სრულად დაცული იქნება. აგრეთვე, დეტალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, რაც მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საშუალებას მოგვცემს. ეს რჩება ჩვენს მიზნად და ეს წარმოუდგენელია უკრაინელთა გარეშე“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები შეეხნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონსაც.
მხარეები შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული იარაღის გაუვრცელებლობასა და იმაზეც, რომ ირანი არასდროს უნდა იყოს იმ პოზიციაში, ისრაელი გაანადგუროს.