ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქეა, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. ის ამბობს, რომ თურქეთში მისი დაბრუნება უსაფრთხო არ არის, სწორედ ამიტომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთში ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტია. ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია.
საქართველოში ცხოვრების განმავლობაში თემურ ქათამაძემ სამჯერ სცადა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო.