მთავარისაქართველომზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო - შემდეგი სხდომა 31 მარტს გაიმართება

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო – შემდეგი სხდომა 31 მარტს გაიმართება

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც სულ რაღაც საათ-ნახევარი გაგრძელდა, 31 მარტისთვის გადაიდო. 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც 14 იანვარს ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მხარეების შესავალი სიტყვები უნდა მოესმინა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ისინი შესავალ სიტყვას ვერ იტყვიან, ვიდრე არ ეცოდინებათ, დაერთვება თუ არა საქმეს მათ მიერ წინასასამართლო სხდომის შემდეგ წარდგენილი მტკიცებულებები.

სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. ადვოკატების განმარტებით, ნინო სახელაშვილს შესაბამისი იურიდიული განათლება არ აქვს და ამასთან, „მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში“ მონაწილეობის გამო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

მოსამართლემ ჟურნალისტის უფლებადამცველების შუამდგომლობა არ გაიზიარა, თუმცა თავადვე დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის კვალიფიკაციით განათლება არ აქვს. მისი განმარტებით, არ არსებობს კანონი, რომელიც ამის გამო სისხლის სამართლის საქმის განსჯას კრძალავს.

დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე სალიხ შაინიძემ  ჟურნალისტი პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამრღვევად ცნო და ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

ამავე მოსამართლემ წინა სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მოწმეების სასამართლოში დაბარება აღარ სჭირდებოდა, რადგან მტკიცებულებებში ისედაც ჩანდა, რომ მზია ამაღლობელი არც პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც ოქმში მითითებული პოლიციელი იყო ის, ვინც მზია ამაღლობელი დააკავა.

მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჟურნალისტმა, რომელიც 11-12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ – ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა.

მზია ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ კოლეგები, მხარდამჭერები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი განცხადება გაავრცელეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend