მთავარისაქართველოსწავლისთვის ძალის მოსინჯვა

სწავლისთვის ძალის მოსინჯვა

ვინ მინდა გამოვიდე? ეს კითხვა ბევრ მოსწავლეს აწუხებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სკოლას ამთავრებენ. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა ერთ სპეციალობაზე აბარებს, თუმცა სწავლის პროცესში ხვდება, რომ სხვა საქმის კეთება ურჩევნია.

იმისთვის, რომ პროფესიული არჩევანი გაუმარტივდეს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ უკვე მეოთხე წელია სასკოლო ოლიმპიადას ატარებს. მასში მონაწილეობა და ცოდნის გამოვლენა დამამთავრებელი კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია.

წელსაც ძალიან ბევრმა მოსწავლემ მიიღო ეს გამოწვევა და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების მიხედვით სცადა ბედი:   ეს მიმართულებებია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები ;ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე; სამოქალაქო განათლება და სამართლებრივი საფუძვლები; ბიზნესი და სამეწარმეო საფუძვლები; ასევე მედიამიმართულება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ვატარებთ სასკოლო ოლიმპიადას. წელს ამ ოლიმპიადის ფორმატი ოდნავ შეიცვალა და ჩვენ თუ წელიწადში ერთხელ ვატარებდით ამ კონკურსს, წელს უკვე გადავწყვიტეთ, რომ სამჯერ ჩავატაროთ, რადგან ნაკადი საკმაოდ დიდია, საკმაოდ ბევრ აბიტურიენტს  უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ საბოლოო ეტაპზე უკვე რამდენიმე ათეულ გამარჯვებულს ვთავაზობთ, საზაფხულო, ზამთრის ან გაზაფხულის სკოლაში წასვლას, სადაც ჩვენ უკვე უშუალოდ ვატრეინინგებთ, ვასწავლით რას ნიშნავს, ერთი პროფესია, მეორე პროფესია უფრო მეტ ცოდნას ვაძლევთ იმისთვის, რომ უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს აბიტურიენტმა, სად ჩააბაროს, სად ურჩევნია და რა არის მისი სამომავლო პროფესია. ჩვენ რომ შევხედოთ წლებს და განვითარებას, ნაკადი ყოველ წელს გვეცვლება და ეს ნაკადი არის მზარდი“, – ამბობს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი, გიორგი ბარკალაია.

მარიამ გორგაძე და მარიამ გიორგაშვილი წლევანდელი სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ერთობლივი პრეზენტაციის გავიდნენ.

„ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია ფინანსურ ბაზარზე , რას მოიცავს, რა არის ფულადი ბაზარი, კაპიტალის  ბაზარი ჩემ მეწყვილესთან ერთად მარიამთან ერთად  დაახლოებით ერთი კვირა ვემზადებოდით”- ამბობს სასკოლო ოლიმპიადის მონაწილე მარიამ გორგაძე.

„სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დროს ჩემმა ერთ-ერთ მეგობარმა ახსენა და დავინტერესდი ამ პროექტით და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თავიდან იყო რამდენიმე არჩევანი,რაზეც უნდა მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება და ბიზნესის მიმართულებით იმიტომ წამოვედი რომ ინტერესი მქონდა ეკონომიკისადმი“, – ამბობს სასკოლო ოლიმპიადის მონაწილე მარიამ გიორგაშვილი.

სასკოლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებს ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება სამოქალაქო განათლების კუთხითაც შეუძლიათ. ამ მიმართულებას სოფიო ჩაჩავა, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის ხელმძღვანელი მართავს.

„სამოქალაქო  განათლების მიმართულებით ძირითადად ჩვენ სამართლის მიმართულებებს ვაცნობთ სტუდენტებს, მათ შორის დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე გვაქვს საუბარი, შესაბამისად, ჩვენი ოლიმპიადა სხვადასხვა ტურებისგან შედგება. ჩვენი ტურები არის ძალიან სახალისო ინტერაქციული და იმავდროულად ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ ოლიმპიადის გამოცდილებას ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის არის თუ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან სოფლებიდან სხვადასხვა კუთხიდან როგორი მომზადებულები არიან, როგორი მოტივირებულ და მონდომებულები არიან, როგორი ინტერესით, ცოდნით და კომპეტენციით არიან ჩართულები“, – ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის ხელმძღვანელი,სოფიო ჩაჩავა.

დიდი ინტერესით ჩაერთო სასკოლო ოლიმპიადაში ავთანდილ ბეგაშვილი, მან ოლიმპიადაში მონაწილეობა სამოქალაქო განათლებისა და სამართლებრივი საფუძვლების მიმართულებით მიიღო. ამბობს, რომ არ ელოდა, რომ ფინალში გასვლას შეძლებდა.

„არ მქონდა გადაწყვეტილი პროექტებში მონაწილეობა, ეროვნულებისთვის ვიყავი მოსამზადებელი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ სამოქალაქოს განხრით ჩავრთულიყავი. სამართალზე მინდოდა ჩაბარება და ვფიქრობდი რომ კარიერული წინსვლისთვის ერთ- ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა და არ ვნანობ”, – ამბობს ასკოლო ოლიმპიადის მონაწილე, ავთანდილ ბეგაშვილი.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სასკოლო ოლიმპიადის დროს ბევრი ახალი ნაცნობები შეიძინეს,  კომუნიკაციისა თუ წერითი უნარები დახვეწეს. მათი თქმით, ეს ყველაფერი, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო მათი სამომავლო განვითარებისთვის.

„ოლიმპიადის შესახებ გავიგე სოციალური მედიის საშუალებით. აქამდეც მსმენია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ შესახებ და როცა გავიგე რომ ასეთი კარგი შესაძლებლობა იყო მოსწავლეებისთვის, რა თქმა უნდა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. კონკურსი დაყოფილია სამ ეტაპად, პირველ ტურში  ინგლისურ ენაზე  უნდა დაგვეწერა ესეები. მეორე ტურში მოგვიწია, რომ ჩვენ მიერ დაწერილი ესეები წარგვედგინა ასევე ინგლისურ ენაზე, მესამე ტურში უშუალოდ  ფინალში გადასული მონაწილეები ერთმანეთს ედებატებიან”, – ამბობს სასკოლო ოლიმპიადის მონაწილე, სანდრო სილაგაძე.

მიზანიც სწორედ ეს არის – ოლიმპიადით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წერისა  და დისკუსიის უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთო – ამბობს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პოლიტიკის და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, გვანცა დავითაშვილი.

„ძალიან დიდი დაინტერესება იყო წელს დებატების და ესეების მიმართულებით მონაწილეობის კუთხით და ყველა ტურში გადასვლასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ცოდნის გაღრმავებას ამ ახალგაზრდებში რაც ძალიან სასიხარულოა. ამ სწავლების პროცესში არაერთი პროფესორია ჩართული პოლიტიკის და დიპლომატიის სკოლის და სხვადასხვა თემატური მიმართულებით მიმდინარეობს სწავლება ევროინტეგრაციის თემები გვაქვს დიპლომატიის თემა გვაქვს უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები გვაქვს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული თემები გვაქვს და რაც მთავარია უნარების გამომუშავება რომ ყველა ამ მიმართულებით შეძლონ დებატების წარმართვა და ასევე წერილობით ესეს დაწერა“, – ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი გვანცა დავითაშვილი.

„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2025“-ის ფინალური ეტაპი დასრულდა, გამარჯვებულ მოსწავლეებს  მალე თავგადასავლებით სავსე  საგაზაფხულო სკოლა ელოდებათ. ისინი კი ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ამ საინტერესო ასპარეზობაში,  ახალი სასკოლო ოლიმპიადა ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend