მასშტაბური და უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნება“ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს. უმრავლესობის 3 თებერვლის რამდენიმესაათიანი სხდომის მთავარი თემა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ამცნო, რა იქნება მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მთავარ დღის წესრიგში. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები „ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის, ხელისუფლებას შესატყვის ბერკეტებს მისცემს“.
„მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისა და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები დაწესდება.
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რომლებსაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმითა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურად, არაერთგზის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცვლილებათა ჩამონათვალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსის უკვე რვა არსებულ კანონში მოქმედი რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სასჯელისა და ფინანსური სანქციების გაზრდას არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღასა და როგორც მისი ჩახშობის, ისე მოქალაქეთა რეპრესირების მორიგ მცდელობად აფასებენ. უფლებადამცველთა ნაწილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ცვლილება, რომელიც 15-დან 60 დღემდე იზრდება.
„მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში იყო 90 დღე და „ქართული ოცნება“ ამაყობდა სწორედ იმით, რომ მათ ეს შეცვალეს და 15 დღემდე დაადგინეს. ამას წერდნენ სხვადასხვა ანგარიშში და მიუთითებდნენ, როგორც ჰუმანურ გადაწყვეტილებასა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიმართულ ნაბიჯს. როგორც ჩანს, მათ საერთოდ უარი თქვეს, მათ შორის ამ საკუთარ სიტყვებზე და ახლა გადაწყვიტეს, რომ აქციის მონაწილეების დასჯისა და რეპრესიების უფრო მეტად გამძაფრების მიზნით გამოიყენონ კანონმდებლობის კიდევ ერთხელ ცვლილება და ეს კანონმდებლობა უფრო მკაცრი გახადონ, რათა ადამიანებს აღარ მოუნდეთ, აღარც პროტესტის გამოხატვა და მათ საერთოდ უარი თქვან საკუთარი უფლებების დაცვაზე“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
უფლებადამცველთა ნაწილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, მათ შორის მაღალჩინოსნების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი არსებობს და არც ერთი მათგანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, მსგავსი კანონმდებლობის მიღება მორიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯია. მათივე განმარტებით, მსგავსი რეგულაციების შემოღება საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სხვა უფლებებს, რაც კონსტიტუციურად და საერთაშორისო ნორმების შესაბამისადაა გარანტირებული.
საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა „ქართულ ოცნებას“ აქამდეც უბიძგა, შემოეღო კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციები. 2024 წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა აკრძალვა აქციებზე სახის დაფარვაზე, პიროტექნიკის გამოყენებასა და სამართალდამცველებისთვის ლაზერის მინათებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯიც გააკრიტიკა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ნიღბის ტარებაზე არც რეგულაცია ვრცელდება და მათი იდენტიფიცირებაც შეუძლებელია. იურისტების მიერ რეპრესიულად შეფასებული კანონთა პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ საშემოდგომო სესიაზე დაჩქარებული წესით მიიღო და ამავე ფორმით გეგმავს საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტების კანონებად ქცევას.