მთავარიამერიკააშშ„თუ თამაში უნდათ, ვითამაშოთ” - დონალდ ტრამპის სავაჭრო ომი

„თუ თამაში უნდათ, ვითამაშოთ” – დონალდ ტრამპის სავაჭრო ომი

ომის დასრულებაში დონალდ ტრამპი ეკონომიკას აშკარად არ გულისხმობდა. თეთრ სახლში დაბრუნებიდან 2 კვირის თავზე მან პრაქტიკულად სავაჭრო ომი წამოიყო. პირველი სამიზნე მეზობლებია – სამხრეთელიც და ჩრდილოელიც. კანადიდან და მექსიკიდან შტატებში შესულ პროდუქციაზე დაკისრებულ 25 %-იან ტარიფებს საპასუხო ზომები უკვე მოჰყვა ოტავიდან. აქ ბრაზი არ დაუმალავთ და ვაშინგტონს სარკისებრად უპასუხეს. მეხიკოში ჯერ ფრთხილობენ. ამან შედეგიც გამოიღო, ტრამპმა ტარიფების დაწესება მექსიკასთან მიმართებით 1 თვით გაახანგრძლივა.

„მექსიკას არ სურს კონფრონტაცია, ჩვენ მეზობლებს შორის თანამშრომლობის მომხრენი ვართ. პრობლემები არ იჭრება ტარიფების დაწესებით, არამედ დიალოგითა და საუბრით”, ამბობდა მანამდე მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი, რომელიც კანადელ ლიდერთან შედარებით ნაკლებად ხისტი იყო.

„ასე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჯონ კენედიმ წლების წინ თქვა: გეოგრაფიამ ჩვენ გვაქცია მეზობლებად, ისტორიამ მეგობრებად, ეკონომიკამ  პარტნიორებად და საჭიროებამ  მოკავშირეებად. თეთრი სახლის მიერ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ გვყოფს, ნაცვლად იმისა, რომ გაგვაერთიანოს. კანადა უპასუხებს აშშ-ის სავაჭრო ქმედებებს, დავაწესებთ 25%-იან ტარიფს 155-მილიარდდოლარიან ამერიკულ პროდუქციაზე. ეს გულისხმობს დაუყოვნებლივ ტარიფებს 30 მილიარდი დოლარის პროდუქტზე უკვე სამშაბათიდან, 21 დღეში კი 125 მილიარდის ოდენობის ამერიკულ პროდუქტზე. ეს იმიტომ რომ კანადურმა კომპანიებმა და მიწოდების ჯაჭვმა ალტერნატივა ნახონ. ამასთან, დადგა დრო ავირჩიოთ კანადა. ბევრი გზა არსებობს საზოგადოებისთვის ამაში წვლილის შესატანად. შეამოწმეთ სუპერმარკეტში განთავსებული პროდუქციის აღწერა და აირჩიეთ კანადაში დამზადებული პროდუქტი. ეს შესაძლოა ნიშნავდეს კანადური ჭვავის არჩევას და ფლორიდულ ფორთოხლის წვენზე უარის თქმას. ეს შესაძლოა გულისხმობდეს თქვენი საზაფხულო არდადეგების გეგმებში ცვლილებებსაც, რომ დარჩეთ კანადაში და აღმოაჩინოთ მისი ღირსშესანიშნაობები”, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპს კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ.

„თუ თამაში უნდათ, ვითამაშოთ“, – ასეთია დონალდ ტრამპის პასუხი კანადის ხელისუფლებას. ვითარება რომ სერიოზულია, პოლიტიკის გარდა სპორტული თამაშებშის დროსაც გამოჩნდა. კანადის დედაქალაქში მიმდინარე ჰოკეის მატჩზე აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს მასპინძლები სტვენით შეხვდნენ. იგივე მოხდა ტორონტოსა და ლას-ვეგასის საკალათბურთო კლუბების შეხვედრაზეც. კანადელების რეაქციები უკავშირდება მეტწილად ტრამპის იმ განცხადებებს, რომლითაც  იგი სუვერენულ სახელმწიფოს სთავაზობს აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს.

პასუხს ჯერ არ ჩქარობს ჩინეთი, რომლის მიმართაც ტრამპი შდარებით ლოიალური იყო და 10% ტარიფი დაუწესა. ეს იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ეკონომიკაში აშშ-ის მთავარი მეტოქე სწორედ პეკინია და არა მეზობელი ქვეყნები. უცნობია, პეკინის დუმილი ჩინურ ახალ წელს უკავშირდება თუ პოლიტიკურ ტაქტიკას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფის გასაჩივრებას ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გეგმავს. ამ გზას პეკინმა 2018 წელს უკვე მიმართა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა ეს საპასუხო ტარიფების თანხლებით მოხდა. პასუხისთვის ემზადება ევროკავშირიც, რომელიც ჯერ მხოლოდ მუქარას ისმენს.

„გეტყვით, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით ტარიფები აუცილებლად იქნება, რადგან უპირატეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ 300 მილიარდ დოლარზე მეტი დეფიციტი გვაქვს, ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჩვენსას არაფერს იღებენ. ჩვენ კი მათგან ვიღებთ მილიონობით მანქანას, საკვებს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტს დიდი რაოდენობით. აშშ-ს პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანა ატყუებდა. ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანასთან დეფიციტი გვაქვს და ამას შევცვლით. ეს უსამართლობაა. ამიტომაც გვაქვს 36 ტრილიონი დოლარის ვალი.  ჩვენ დეფიციტი გვაქვს ყველასთან, რადგან ყველას ვეხმარებოდით. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მგონია, რომელიმეს ეს დაეფასებინა. ამიტომ ამის შეცვლა გვაქვს განზრახული, თან სწრაფად”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ეს ბოლო განცხადება ევროპას მიანიშნებს, რომ ტარიფები მალე ძველ კონტინენტზეც ამოქმედდება. აშშ-ს ევროკავშირთან ვაჭრობაში დეფიციტი იმ მიზეზით აქვს, რომ  ევროკავშირიდან უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. მაგალითად, გასულ წელს აშშ-ს 213-მილიარდდოლარიანი დანაკლისი შეექმნა, ამას კი უკვე დღეს ტრამპი სისასტიკეს უწოდებს. ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ამერიკული სამუშაო ადგილებისა და პროდუქტების დაცვაა. ევროპა აშშ-ში ძირითადად მანქანებსა და ფარმაცევტულ ნაწარმს გზავნის, აშშ კი ნავთობს, გაზსა და ფინანსურ სერვისებს.

„ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ტრამპის განცხადებებს და ვემზადებით, მაგრამ ნათელია, რომ სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს. თუ აშშ დაიწყებს სავაჭრო ომს, ერთადერთი, ვინც ამაზე გაიცინებს, ჩინეთია. ჩვენ ურთიერდაკავშირებული ვართ, გვჭირდება აშშ და მასაც ვჭირდებით. ტარიფები ზრდის ხარჯს, ეს არაა კარგი არც სამუშაო ადგილებისთვის, არც მომხმარებლებისთვის”, – აღნიშნა ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. 

„ორივე ჩვენგანი, ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროპაც, სარგებელს იღებს სერვისებისა თუ პროდუქციის გაცვლით. თუ სატარიფო პოლიტიკა ამას გაართულებს, ეს იქნება ცუდი ევროპისთვისაც და აშშ-ისთვისაც. ნათელია, რომ როგორც ძლიერ ეკონომიკურ სივრცეს, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენივე საკითხები და სატარიფო პოლიტიკას სატარიფო პოლიტიკითვე ვუპასუხოთ. ჩვენ ამის გაკეთება მოგვიხდება და გავაკეთებთ კიდეც, თუმცა პერსპექტივა და მიზანი იმაში უნდა მგდომარეობდეს, რომ ვითანაშრომლოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ტრამპმა ტარიფების დაწესება არ გამორიცხა არც დიდი ბრიტანეთისთვის. ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირიდან 5 წლის წინ გამოვიდა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტს კირ სტარმერის მისამართით სიმპათიები არ დაუმალავს და მიანიშნა, რომ ვაშინგტონი და ლონდონი ამის გარეშეც მოგვარდებიან.

მანამდე კი ტრამპის სავაჭრო ომების პოლიტიკის შედეგები უკვე აშკარაა. მსოფლიო ბაზრებზე ტურბულენტურობის შიში გაჩნდა. ტრამპის ეფექტი უკვე იგრძნო აზიურმა ბაზარმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend