„ბოლომდე“ – ამ გზავნილით მოქალაქეები გუშინ, 2 თებერვალს, კვლავ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით – გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“, სადაც აქცია გაიმართა, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები, რომლებმაც გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს გააკეთეს კორდონი.
„ქართული ოცნების” რეჟიმი კონსტიტუციის ფარგლებიდანაა გასული. ამიტომ მათი ამოცანაა, რომ თითქოს კანონის ჩარჩოში მოაქციონ, სინამდვილეში მშვიდობიანი დემონსტრანტები ვართ“;
„ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ხალხის ხმა ყველგან ისმის. დაიჭერენ ერთს? გამოვა ათი“, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
31 იანვარს კი ირაკლი კობახიძემ სპეციალური განკარგულება მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. თბილისის გასასვლელთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით 2 თებერვალს განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, ჯგუფურად ქმედების ჩადენა კი 2-დან 4-მდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
თბილისში გუშინ გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. საია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად ხარაზიშვილის მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება. საიას ინფორმაციით, კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ. საიას ინფორმაციითვე, შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.
გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის თანახმად, შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები.
განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. კაია კალასის შეფასებით, მიუღებელია თბილისში მშვიდობანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა. მისი თქმით, ევროკავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.