დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კლიმატის კონფერენციას – COP-29 ჩაატარებს.
სიცხე, წყალდიდობები, გვალვები და ქარიშხლები – ამ სტიქიურ მოვლენებთან გამკლავებას დასჭირდება ტრილიონობით დოლარი, რომელიც ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ და შესაბამისად, კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები სწორედ ამ თანხის გამოყოფის აუცილებლობაზე იმსჯელებენ.
ზოგიერთი ექსპერტი აპროტესტებს კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ შესახებ კონფერენციის გამართვას აზერბაიჯანში, ნავთობის მწარმოებელ ქვეყანაში, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემაა და რომ ეს გამოწვევა დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.
გაეროში ფიქრობენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კლიმატთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად წლიურად 100 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ, თუმცა თავად ამ ქვეყნებში ზოგიერთი ლიდერი ტრილიონ დოლარსაც ითხოვს.
რეალობა კი ისაა, რომ გაეროს წლევანდელ კონფერენციაზე სიტყვით 48 ლიდერით ნაკლები წარდგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონფერენციას არ დაესწრებიან აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები. იმ ორი ქვეყნის, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.
მეტიც, შესაძლოა საჭირო თანხის შეგროვებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალოს იმის გამო, რომ ორი ყველაზე დიდი დონორი – აშშ და გერმანია – ხელისუფლების ცვლილების პროცესში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც კლიმატის პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამს, კლიმატთან დაკავშირებით, აშშ-ის მთავრობის დაპირებებს შეასრულებს.
„პლანეტის ბედი დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას მოვახერხებთ მომდევნო ხუთი ან ათი წლის განმავლობაში ეროვნულ დონეზე. ასე რომ, ფსონები მაღალია. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიცია ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა ეს არ არის იმაზე მეტი, რა ზარალიც შეიძლება გვქონდეს, თუ მწვანე ენერგიის გამოყენებაზე არ გადავალთ“, – აცხადებს ბილ ჰეირი, ანალიტიკოსი.
რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის ფონზე, ექსპერტები ამბობენ, რომ ბაქოში გამართულ კონფერენციაზე კონკრეტული მიზნები აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული.
გაერომ და აზერბაიჯანმა უნდა მოახერხონ განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის საერთო ენის გამონახვა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ინნება ეს მასშტაბური კონფერენცია შედეგის მომტანი.