მთავარისაქართველო„დიდი მისია” - საპარლამენტო არჩევნებს ასობით მოხალისე დააკვირდება

„დიდი მისია” – საპარლამენტო არჩევნებს ასობით მოხალისე დააკვირდება

„მე ვარ მარიამ შერეშაშვილი 26 ოქტომბრისთვის გადავწყვიტე მოხალისე დამკვირვებლად დარეგისტრირება”.

„მე ვარ ნია ჭოხონელიძე, გადავწყვიტე წელს არჩევნებში სადამკვირვებლო პროცესში მივიღო მონაწილეობა”.

„მე ვარ ქეთო ტატიშვილი და გადავწყვიტე, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნებზე ვიყო მოხალისე დამკვირვებელი”.

„მე ვარ თამარი ჯოჯუა სტუდენტი და ამავდროულად, სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი. გადავწყვიტე, ვიყო მოხალისე დამკვირვებელი”.

„მე ვარ გიორგი მიქელაძე და 26 ოქტომბერს გადავწყვიტე, რომ ვიყო მოხალისე დამკვირვებელი არჩევნებზე”.

10 დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მეგობრები მარიამი და ნია მოხალისე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. ამბობენ, რომ წელს საქართველოს ისტორიაში ტარდება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და ისინი დაიცავენ არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმას.

„მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის შენებაში ყველა ადამიანმა უნდა დადოს თავისი აგური, ვისაც შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ხმის მიცემაა, მაგალითად, დარეგისტრირდეს დამკვირვებლად. ვისაც მეტი შეუძლია, გაიაროს 300 კმ თავისი ერთი ხმის დასაცავად. მყავს ასევე მეგობრები, რომლებიც თბილისიდან დასავლეთში მიდიან იმისათვის, რომ დააკვირდნენ უბანს, უნდათ, ყველაფერმა ჩაიაროს ლეგიტიმურად. დამკვირვებლების ფუნქცია-მოვალეობაც ის არის, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და კანონის დაცვით ჩატარდეს ყველაფერი“, – გვეუბნება მოხალისე დამკვირვებელი მარიამ შერეშაშვილი.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ხალხის ერთიანობას ჰქონდა ყველაზე დიდი ძალა და შესაბამისად, ლოგიკურიც არის და სამართლიანიც, რომ უმრავლესობის აზრი გაიმარჯვებს წელს, 26 ოქტომბერს, არჩევნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენი თვალით დავაკვირდეთ და ჩვენი თვალით შევხედოთ, როგორ წარიმართება პროცესები სწორად, სამართლიანად, კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ანუ გამორიცხულია, რომ ამ ჩვენს დამოკიდებულებას დადებითი შედეგი არ მოჰყვეს“, – ამბობს მოხალისე დამკვირვებელი ნია ჭოხონელიძე.

მოხალისე დამკვირვებლებისთვის უკვე ჩატარდა სპეციალური სწავლება, რომელიც ქეთო ტატიშვილმა და მისმა მეგობრებმაც გაიარეს. ქეთო ამბობს, რომ ამ საქმეს დიდი ძალისხმევა სჭირდება და გასათვალისწინებელია ბევრი დეტალი.

„მე არ ვარ მარტო, მონაწილეობს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, რომლებიც საერთოდ სხვადასხვა პროფესიის არიან. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, იმიტომ, რომ ბევრია დამოკიდებული კონცენტრაციასა და ყურადღებაზე, რამე შეცდომა არ გაიპაროს. ადამიანის მისვლიდან მარკირებიდან დავიწყებთ და ყველა პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და დავაკვირდებით. დემოკრატიული პროცესი მნიშვნელოვანია და ჩემი პირადი სურვილია, რომ არჩევნების გზით და მშვიდობიანად გადაწყდეს ყოველთვის მოვლენები“, – ამბობს მოხალისე დამკვირვებელი ქეთო ტატიშვილი.

26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხალისედ დარეგისტრირება გიორგი მიქელაძემ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტა. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას თვეების განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდნენ. გიორგი ფიქრობს, რომ ეს არჩევნები ქვეყნისა და ხალხისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს და სურს, ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ვფიქრობ, მზად ვარ. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი სისტემაა ელექტრონული, ბევრი არ ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას და მეც ვცდილობ, რომ გავაზიარო ინფორმაცია თვითონ სისტემის შესახებ. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იყო ტრენინგზე, ჩემით ვიანგარიშე და დაახლოებით 80%, ალბათ, ახალგაზრდა იყო. იყო ძალიან ბევრი, ვინც წელს პირველად მიდის არჩევნებზე და ამავდროულად გადაწყვიტეს, რომ დამკვირვებლებიც იყვნენ“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.

აი, მაგალითად, თამარ ჯოჯუა წელს პირველად მიდის არჩევნებზე და ამავდროულად, მოხალისე დამკვირვებელიც იქნება. კენჭისყრის პროცესსა და ხმების დათვლას თავის სოფელში დააკვირდება.

„მოხალისე დამკვირვებელი ვიქნები და დავიცავ თითოეული ადამიანის ხმას. მაქსიმალურად ვეცდები, რომ 26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში გახდეს ისეთივე, როგორიც იყო და 26 მაისი, 26 მარტი, თუ ეს იყო 26 ივნისი, სიმბოლური თარიღია და სიმბოლური დასასრულიც უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს.  მე მოხალისე დამკვირვებელი ვიქნები. ჩემს სოფლამდე 300 კმ-ია. მივდივარ იმისთვის, რომ დავიცვა ხმები იქ და წვრილი შევიტანო უკეთესი საქართველოს აშენებაში. ასე ვთქვათ, ჩემს სოფელში არჩევნები ტარდება ტრადიციული გზით, ძველი მეთოდებით, ვინაიდან ქალაქისგან, რაიონისგან არის 25 კმ-ით დაშორებული. ასე რომ, ვფიქრობ, უფრო მეტი ძალისხმევა  მომიწევს ჩავდო, ვინაიდან არ იმოქმედებს ის კრიტერიუმები, რომლებიც საქართველოს ბევრი რეგიონსა და ბევრ ოლქში იქნება“, – ამბობს მოხალისე დამკვირვებელი, თამარ ჯოჯუა.

და მაინც, რა გამოარჩევს მოხალისე დამკვირვებელს სხვა დამკვირვებლებისგან? თამარ ჯოჯუას ამაზე თავისი პასუხი აქვს.

„არ ხარ არცერთ პარტიასთან დაკავშირებული. ხარ დამოუკიდებელი. ფიქრობ შენს მომავალსა და სამშობლოზე. გინდა, რომ დაიცვა ის და მაქსიმალურად კარგი მომავალი შეუქმნა მას”, – ამბობს თამარ ჯოჯუა.

16 ოქტომბრის მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 90 ადგილობრივი სადამკვირვებლო  ორგანიზაცია და 5000-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 64 საერთაშორისო ორგანიზაციიდან 600-ზე მეტი დამკვირვებელია დარეგისტრირებული. თუმცა მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოში დამკვირვებლების წარსადგენად ვადა 21 ოქტომბრამდე აქვთ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს 24 ოქტომბრამდე.

წლევანდელი არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა ევროკავშირს“ უკვე 2000-მდე მოხალისის განაცხადი მიიღო არჩევნებზე დასაკვირვებლად. თუმცა არც ეს მონაცემებია საბოლოო, რადგან პლატფორმაზე კვლავ უამრავი მსურველი რეგისტრირდება.

თამარი, ქეთო, გიორგი, ნია, მარიამი და კიდევ ასობით მოხალისე ფიქრობს, რომ ამ არჩევნებში მათ დიდი მისია აქვთ – დააკვირდნენ ყველაფერს და ხმამაღლა ისაუბრონ ყველა შესაძლო პრობლემაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend