150 დეპუტატისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანოს მეთერთმეტედ დაკომპლექტებისთვის საქართველოს მოსახლეობას 10 დღეში საარჩევნო უბანზე მისვლა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა მოუწევს.
კენჭისყრის დღემდე ერთ კვირაზე მეტი რჩება, თუმცა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. პოზიტიურ დასკვნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხობს მორიგი განცხადებით, სადაც კვლავ საფრთხეს ხედავს, „გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს“ კი არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების გავრცელებით“ პროვოკაციის მომზადებაში სდებს ბრალს. ამჯერად, არეულობის მცდელობაში დამხმარე ძალად თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სახელდება.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას.
აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში გამოიყენებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმებსა და ვიდეოგამოსახულებას. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე, ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.
ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთის მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი, წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რასაც საბოლოოდ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გავატარებთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მალევე იქცა პოლიტიკური შეფასებების საგნად. მმართველი გუნდი 2020 წლის სცენარის გამეორებასა და საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნაზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, მშვიდი წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები გახშირებულია.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ ფაქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პროპაგანდისტულს, აბსურდულსა და ხელისუფლებისადმი პოლიტიკურად მიკერძოებულად აფასებენ ოპოზიციაში როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, ასევე მთლიან უწყებას. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ნაცვლად საგარეო საფრთხეებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისა, სუსის ფოკუსი არასწორ აქცენტებზეა მიმართული.
„არ ვიცი, ვინ რას აპირებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მარტივია მანიპულაციის გარჩევა რეალობისგან. თუ ამ ქვეყნისათვის რაიმე რეალური საფრთხე არსებობს, სუსმაც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებმაც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა იმუშაონ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ მათ“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სუსი მნიშვნელოვან საფრთხეებზე განცხადებას ავრცელებს. მიმდინარე წლის ივლისში უწყება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობდა, მანამდე კი ე.წ. „მაიდანის სცენარზე“, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების“ საფრთხეზე აცხადებდა. თითოეულ შემთხვევაში უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, თუმცა თითქმის არც ერთ შემთხვევაში გამოძიებას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.