ტაშით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს „ვერხოვნა რადას“ დეპუტატები. ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმის“ წარსადგენად მივიდა, უკრაინის გამარჯვების, რომელშიც ეჭვი არც უკრაინასა და არც მის პარტნიორ ქვეყნებში არავის ეპარება. 965 დღეა უკრაინა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ნათელი მომავლისთვის იბრძვის. ზუსტად ამდენივე დღეა ამბობენ, რომ ქვეყანას რუსეთს არ დაუთმობენ და ამ პირობას ასრულებენ.

„უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება მსოფლიოში უახლოეს ათწლეულებში. უკრაინის გამარჯვების გეგმა კი ხუთი პუნქტისგან შედგება. პირველი უკრაინის ნატოში ომის დასრულებამდე მიწვევაა. ჩვენ გვესმის, რომ ნატოში გაწევრება მომავლის საქმეა და არა აწმყოსი, თუმცა პუტინმა უნდა დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები ჩაიშალა. რუსებმა უნდა დაინახონ, რომ მათი მეფე გეოპოლიტიკურად დამარცხდა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ იმ აზრს, რომ უკრაინის ნატოში ახლა მიწვევა, შემდგომში გაწევრებასთან ერთად ყველას გააძლიერებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I presented the Victory Plan to the Verkhovna Rada and the people of Ukraine. It is the path to strengthening Ukraine, not just to defend our positions but to build a bridge to the second Peace Summit, which will bring a just end to this war for Ukraine. pic.twitter.com/S6rArS9PJl
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 16, 2024
„გამარჯვების გეგმის“ მეორე პუნქტი სამხედრო ოპერაციებს ეხება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ომის რუსეთში დაბრუნება, რაც რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდასა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს. ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გაძლიერებაა.
„მოვუწოდებ დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე და უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები. ჩვენი გეგმის მესამე პუნქტი კი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. მეხუთე კი უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. უკრაინაში „გამარჯვების გეგმის“ წარდგენიდან მალევე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
„ძალიან კარგად ვიცი გამარჯვების გეგმის ყველა ელემენტი. მოგეხსენებათ, ნატომ ვაშინგტონში გადაწყვიტა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების გზა შეუქცევადი გზაა. ეს ნათლად გვაქვს ნათქვამი. და ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მოკავშირეებთან, რათა მოვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები ისე, რომ ეს ნაბიჯები წარმატებული და ნაყოფიერი იყოს. ცხადია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები გამარჯვების გეგმაზე, თუმცა მე შინაარსს ვერ გაგიზიარებთ. ეს შეუძლებელია, მოგიყვეთ პრესკონფერენციაზე. თუმცა გამარჯვების გეგმაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვმსჯელობთ და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ეს გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავწიოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
As NATO Defence Ministers prepare to meet at NATO HQ in Brussels on Thursday and Friday, @SecGenNATO Mark Rutte previewed the expected outcomes of the #DefMin in a press conference:
🛡️ Keeping NATO strong
🇺🇦 Stepping up support for Ukraine
🤝 Strengthening partnerships— NATO (@NATO) October 16, 2024
„გამარჯვების გეგმაში“ ხუთი პუნქტის გარდა არის კიდევ სამი საიდუმლო დამატება, რომელთა შესახებაც უკრაინის პრეზიდენტს საჯაროდ არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელება არა რუსეთზე, არამედ კიევის პარტნიორებზეა დამოკიდებული.