მთავარისაქართველო17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება

17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება

„ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებას განიხილავს. ეს ორი ქვეყანა ახლა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“ – ვკითხულობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში, რომლითაც შარლ მიშელი ევროსაბჭოს წევრებს 17 და 18 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრებზე იწვევს. ორი დღის მანძილზე ბრიუსელში უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე, მიგრაციაზე, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

„საქართველოსთან დაკავშირებით ძირითადი აქცენტი არჩევნებისა და მისი ლეგიტიმურობის თაობაზე იქნება. გარდა ამისა, ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველომ არა მხოლოდ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე თქვა უარი, რომელსაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები უნდა გაეხსნა, არამედ სრულიად ანტიდემოკრატიულ გზას დაადგა და ახლა, კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ათი თვის შემდეგ და ბევრის შეფასებით გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით დღით ადრე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი გაყინულია.

„თანდათანობით ქვეყნის იზოლაცია ხდება. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. თვეებია, წლებია ვამბობთ, რომ საფრთხე არსებობს და ეს უკვე ჩანს. საქართველოს ხელისუფლება უკვე შეუქცევადი იზოლაციის გზას დაადგა…

ეს იზოლაცია შეუქცევადი გახდება, თუ საქართველოში ვითარება ძირეულად არ შეიცვალა. ბუნებრივია, ამას თავისი შედეგები ექნება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ცხადია, საუბარია სამხედრო და უსაფრთხოების თემებზეც”, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

ანალიტიკოსები ელიან, რომ 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ბრიუსელი საქართველოსა და ქართველ ხალხს არჩევნებამდე კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ ეტყვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ კარში შესასვლელად საჭიროა, რაღაცები შეიცვალოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend