უკვე რამდენიმე თვეა, ბელარუსიდან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, პოლონეთში, არალეგალურად გადასვლას სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათი რაოდენობა დღეში ოთხასსაც კი აღწევს.
დონალდ ტუსკის მთავრობამ პირობა დადო, რომ გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები და დაიცავენ ევროკავშირის საზღვარს. აქტივისტები კი ტუსკის მთავრობას მკაცრი სასაზღვრო პოლიტიკისთვის აკრიტიკებენ.
პოლონეთის მესაზღვრეები ამბობენ, რომ ზოგიერთი მიგრანტი აგრესიით გამოირჩევა. მათ ინტერნეტსივრცეში გამოაქვეყნეს კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიგრანტები ღობის უკანა მხრიდან პოლონეთის ჯარს ქვებს ესვრიან და შეშას წვავენ.
„ესენი თავშესაფრის მაძიებლები კი არ არიან, საქმე გვაქვს კოორდინირებულ, ძალიან სერიოზულ ოპერაციასთან პოლონეთის საზღვრის გარღვევისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის მიზნით“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
იყო შემთხვევები, როდესაც ჯარისკაცები და მესაზღვრეები საავადმყოფოშიც კი გადაჰყავდათ. ზოგიერთს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა მას შემდეგ, რაც საზღვარზე დანით შეიარაღებულები დაესხნენ თავს.
ექსპერტების შეფასებით, ასეთი ქმედების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.