მთავარიგადაცემებითვითმხილველიესტონელი მოქალაქეები ჯარში წვრთნას მოხალისედ გადიან

ესტონელი მოქალაქეები ჯარში წვრთნას მოხალისედ გადიან

ესტონეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, რუსეთის მხრიდან საფრთხის მოლოდინი აქვს. წელს ნატოს წევრი ეს პატარ სახელმწიფო თავდაცვაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს ჩადებს.

საინტერესოა, როგორ დაიხარჯება ეს ფული ან რა ტიპის თავდაცვის კონცეფცია აქვს ამ ქვეყანას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ ესტონეთში ჩავიდა და იქაური მოხალისე დანაყოფების წვრთნებს დაესწრო, რომელ ესტონელი მოხალისეები ნატოს ჯართან ერთად გადიან.

ინდრეკ იურტშენკო ოპერის მომღერალია. სამოქალაქო ცხოვრების დროს ის ფილმების ფესტივალების ორგანიზატორია. დღეს კი ესტონეთის თავდაცვის ლიგის პრეს-მდივანია. ლიგის წევრი შეიარაღებული სამოქალაქო პირები საომარ წვრთნებს პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად გადიან.

„ჩვენს წვრთნაში დაახლოებით 500 კაცი მონაწილეობს და მათი უმეტესობა ესტონელია, თუმცა არიან ლიეტუვიდან და საფრანგეთიდანაც“, -ამბობს ინდრეკი.

ამ საწვრთნელი პროგრამის სახელია „ჩრდილოეთის ბაყაყი“ და იგი საბჭოთა კავშირის დროინდელ ყოფილ სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს. ასაფრენ ბილიკთან ახლოს საფრანგეთის ქვეითი ჯარისკაცები ტრანშეებს ამაგრებენ. იქვე ახლოს, ტყეში, ბალტიისპირელი მოხალისეები იმალებიან: შეიარაღებული მოქალაქეები, რომელთაც პროფესიონალი სამხედროს უნარ-ჩვევები აქვთ.

სამხედრო სწავლების სცენარი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის სცენარს ჰგავს:უნდა დაიკავონ კიევთან ახლოს მდებარე ასაფრენი ბილიკები, მოგვიანებით კი აღმოსავლეთით ტრანშეებს შორის გაიმართება ბრძოლა.

საინტერესოა, ფრანგი პროფესიონალების თვალსაზრისით, მაინც რა არის ისეთი მოხალისე ლაშქრის უპირატესობა, როგორიც ესტონეთის თავდაცვის ლიგაა? – ვეკითხები საფრანგეთის არმიის მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურს კაპიტან ჰუბერტს.

„მოხალისეთა შენაერთები მოქმედებენ საკუთარ გარემოში, რომელსაც კარგად იცნობენ. ესტონეთის თავდაცვის ლიგის ძალიან დიდი უპირატესობა არის ადამიანური რესურსი, რომელიც, სადაც კი დასჭირდებათ, იქ  უმალვე ჩნდება“, – ამბობს კაპიტანი.

ესტონეთის თავდაცვის ლიგაში 30 ათასი წევრია. როცა თავისუფალი დრო აქვთ, ისინი სამხედრო წვრთნებს გადიან. ამ სამოქალაქო პირებს – დამსაქმებლებს, დასაქმებულებს, კლერკებსა თუ ფერმერებს იარაღი სახლში უდევთ და კარგად იციან მისი მოხმარება, თუ მდგომარეობა დაიძაბება.

ნატოს ჯარისკაცები რამეს თუ სწავლობენ ესტონელებისაგან? – ვეკითხები ლეინტენანტ-პოლკოვნიკ აინსალუს.

იანუს აინსალუ, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი:

„ჩვენი მხრივ, მათ გამოცდილებას ვაძლევთ, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ესტონეთის მსგავი ლანდშაფტის პირობებში, ჩვენი ესტონური ამინდის გათვალისწინებით. ასევე იღებენ გამოცდილებას, თუ როგორ გაუმკლავდნენ კუნთმაგარ ესტონელ ფერმერებს, რომლებიც მზად არიან, დაიცვან საკუთარი მიწა – ეს ფაქტორი ჩვენს მოკავშირეებს, ცოტა არ იყოს, ავიწყდებათ”.

ჰაერის ტემპერატურა ნულია და ფრანგები კოცონთან თბებიან. თუ რამდენად შეძლებს ესტონური ლაშქარი, სძლიოს პროფესიონალ ჯარისკაცებს, ეს ხვალ გამოჩნდება…

შესვენების დროს ანცსა  და იანს  ვესტუმრე. ისინი ესტონეთის თავდაცვის ლიგას 90-იანი წლების დასაწყისში შეუერთდნენ და საბჭოთა ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიეს. 250 სხვა მოხალისესთან ერთად მათ ჩახერგეს ნარვის  ხიდი და ისტორიულ საზღვარზე ესტონური დროშის ფერებში შეღებილი სასაზღვრო ბოძები ჩაამწკრივეს.

ანც სილმი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ვეტერანი კაპიტანი:

„ეს საიდუმლო ოპერაცია იყო, რადგან ესტონეთი ოკუპირებული იყო იმ დროს და ამით ვაჩვენეთ კაგებესა და მთელ საბჭოთა კავშირს, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ“.

იან ვიქტორი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ვეტერანი ლეიტენანტი:

„დილით ადრე მივედით ნარვასთან და დავიკავეთ ხიდი, რომელიც სრული კონტროლის ქვეშ იყო. ახლაც თმები ყალყზე მიდგას, რომ მახსენდება, მთელ სხეულში მაციებდა…“

უამრავ ესტონელს ახსოვს, თუ როგორ გადაუსახლეს ახლობლები რუსეთში სტალინის რეჟიმის დროს. რამდენიმე ათასი გარდაიცვალა. იანის მამაც ციმბირში გადაასახლეს, სადაც ისე გახდა, რომ 49 კილოგრამს იწონიდა.  მაინც რატომ –  გულაგი?

„მამაჩემმა კომუნისტების საარჩევნო აფიშები ჩამოხია და ფეხით გათელა. სამხედრო პატრულმა დააკავა და ტალინში გაგზავნა, სადაც 8 წელი მიუსაჯეს. ციმბირში კი გადაწყვიტეს, კიდევ გაეხანგრძლივებინათ სასჯელის ვადა და სულ 13 წელი იყო პატიმრობაში,“ – განმარტავს იან ვიქტორი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ვეტერანი ლეიტენანტი.

არასოდეს აღარ დავუშვათ უცხოელთა ბატონობა – ასეთია რიიტ საარის მტკიცე შინაგანი რწმენა. იგი დედაა და რკინეულობის მაღაზიის გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. დღეს კი იგი ქალთა სადაზვერვო პატრულს ხელმძღვანელობს. მაინც რატომ მოისურვეს საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა, მედიცინის მუშაკებმა თუ სასტუმროს მენეჯერებმა, სამხედრო იარაღის მოხმარება ესწავლათ?

რიტ საარი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის სერჟანტი:

“ესტონეთი პატარა ქვეყანაა და არც მოსახლეობაა ბევრი. ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვაში ამა თუ იმ გზით. ზოგს შეუძლია, ტყეში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლოს, როგორც მე. ზოგს შეუძლია ლოგისტიკისა და სხვა ამოცანების მოგვარება. ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი“.

მებრძოლმა ქალებმა ბრძანება მიიღეს –  თავდამსხმელთა პოზიციებს მიუახლოვდნენ ისე, რომ მტრის დრონებმა ვერ შენიშნონ. ასეთი მანევრებით ისწავლა რიიტმა სროლა,  სამედიცინო დახმარების გაწევა საომარ ვითარებაში, დაზვერვის ტაქტიკა და ხელჩართული ბრძოლა.

ტალინში შევჩერდით. ნატოს წევრი ეს პატარ ქვეყნა ევროკავშირის ჩრდილოეთში მდებარეობს და მუდმივად დგას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე, იქნება ეს საჰაერო სივრცის დარღვევა, ყალბი ამბების კამპანია თუ კიბერთავდასხმა.

თავისუფლების მუზეუმში ესტონეთის თავდაცვის ლიგის ყოფილ მეთაურს შევხვდი – გენერალ-მაიორ რიჰო უჰტეგის.

რიჰო უჰტეგი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ყოფილი ხელმძღვანელი:

„თავდაცვის ლიგა ესტონეთის ისტორიის ნაწილია ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან. თავდაცვის ლიგა 1917 წელს დაარსდა. ყველაფერი, რაც გადახდა თავს ჩვენს ერს, გაიარა თავდაცვის ლიგამაც: ყველა ტიპის რეპრესია, შეზღუდვები, ოკუპაცია… ესტონეთი რუსეთის ჯარმა მეორე მსოფლიო ომის წინ დაიკავა და შემდეგი 50 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. ჩვენი მიწა ყოველთვის ვიღაცას ეკუთვნოდა.

1991 წელს  რუსული არმია ისევ დაემუქრა ტალინს. რიჰო დედაქალაქის სამთავრობო უბანს იცავდა.

რიჰო უჰტეგი, ესტონეთის თავდაცვის ლიგის ყოფილი ხელმძღვანელი:

„მე ჩემს დაჯგუფებებთან ერთად კაპიტოლიუმის გორაკის დასაცავად გაგვიშვეს. მოლოტოვის კოქტეილები და ცოტა იარაღიც გვქონდა.  თავდაცვის პოზიცია ამ შენობასა და ამ კედელს შორის იყო და ქვებით ჩავხერგეთ. რუსული არმია მოგვიახლოვდა… ეს იმპერიალისტური მიდგომა არსად გამქრალა რუსეთიდან, ისევ იქ არის. ამიტომ სულ მზად უნდა ვიყოთ“.

ესტონეთი თავის პარტნიორ ქვეყნებს  ნატოს ალიანსში მოუწოდებს, რომ  თავდაცვაზე ხარჯი გაზარდონ. მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტიб ესტონეთის თავდაცვის მინისტრის აზრით ცოტაა.

„აშკარაა, რომ მთავარი საფრთხე არა მხოლოდ ჩვენთვის – ესტონეთისთვის, არამედ მთლიანად ნატოსთვისაც ისევ რუსეთია. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ თავდაცვაზე ხარჯი ჩვენი მშპ-ის 3 პროცენტზე შევინარჩუნოთ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება პარლამენტში მივიღეთ,“ – ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

რაც შეეხბეა ახალი 2024-2027 წლების თავდაცვის გეგმას, თავდაცვის  მთავარი პრიორიტეტი ესტონეთისთვის შეიარაღებაა.

„ახალი ტიპის შეიარაღება: თვითმავალი ქვემეხები, ახალი საჰაერო თავდაცვა, საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვა, ახალი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები – ჩვენ ძალიან ბევრ ახალ შეიარაღებას ვყიდულობთ. გარდა ამისა, უკრაინის მაგალითზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი იარაღი ვიყიდეთ, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის 25 პროცენტს შეიარაღებაზე ვხარჯავთ,“  – ამბობს მინისტრი.

ისევ თხრილის მანევრს დავუბრუნდით. რიტი და მისი ქალთა საბრძოლო დანაყოფი დამპყრობელთა პოზიციების ფლანგთან შეტევაზე გადავიდნენ. ყურადღების გაფანტვის ასეთი ტაქტიკის წყალობით სამხედრო ლაშქრის მამაკაც მებრძოლებს შეუძლიათ, მტრის ზურგში დაკარგული  პოზიცია დაიბრუნონ. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ესტონელ მოხალისეებს ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

კაპიტანი ჰუბერტი, საფრანგეთის არმიის მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური:

„ისინი ნამდვილი ექსპერტები არიან ტყეში ბრძოლის თვალსაზრისით. ძალიან კარგად ისვრიან მიზანში, მათგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ კიდეც პოზიციური ბრძოლის მხრივ. არაჩვეულებრივად ფლობენ დრონებს. ამ კუთხით ძალიან აქტიურები არიან და შედეგიც კარგი აქვთ. აი, ეს არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო, რადგან ეს ყველაზე მოთხოვნადია ახლა“.

ნატოს ოფიცრები აღფრთოვანებული არიან ბალტიისპირელი სამხედრო წვრთნის მონაწილე მოქალაქეებით. ლაშქრის მებრძოლებს აქვთ იმპროვიზაციის უნარი და შეუძლიათ, მტერი ძალიან რთულ ხელჩართულ ბრძოლაშიც კი გააკვირვონ. ბრძანების ჯაჭვი გამართულად მუშაობს, დაზვერვასა და კომუნიკაციებშიც პროფესიონალები არიან.

ტყეში ერთკვირიანი სამხედრო წვრთნის შემდეგ ნამდვილად მოგშივდება. ქალთა საბრძოლო დანაყოფის მეთაურს – რიტს ვეკითხები:  რას ნიშნავს შენთვის ევროპა, დემოკრატია და თავისუფლება?

“ეს ნიშნავს, რომ შემიძლია სადაც მინდა, იქ წავიდე. ვიმოგზაურო, სადაც მოვისურვებ. ვისწავლო, რისი სწავლაც მინდა. თავად მივიღო  ყველა გადაწყვეტილება – თუნდაც იმაზე, თუ რა ფერად შევიღებავ თმას“, – ამბობს რიტი.

უკრაინიდან საგანგაშო სიგნალები მოდის: ბალტიისპირეთის რესპუბლიკები შესაძლოა პუტინის სიაში უკრაინის შემდეგ დგას. მაგრამ ნატოს  ხელშეკრულების მე-5  მუხლი ალიანსის თითოეული წევრის უსაფრთხოების გარანტია თავდასხმის შემთხვევაში, რადგან მისი პრინციპია: ერთი ყველასათვის – ყველა ერთისათვის.

სწორედ ამ პრინციპს იზიარებენ ესტონეთის თავდაცვის ლიგის წევრი ქალებიც.

 

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend