ირანსა და ისრაელს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება. 65-მდე გაიზარდა ისრაელის ქალაქ ბეერ–შევას საავადმყოფოზე თავდასხმისას დაზარალებულთა რაოდენობა.
3 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სოროკას სამედიცინო ცენტრი ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი საავადმყოფო იყო, რომელიც 1 მილიონამდე მცხოვრებს ემსახურებოდა.
ქალაქი ღამით ირანიდან ნასროლი ასობით რაკეტის ერთ-ერთი სამიზნე აღმოჩნდა. “ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფაქტის კომენტირებისას.
პარალელურად, ირანიდან მომავალი ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად, იერიშებს განაგრძობს ისრაელის შეიარაღებული ძალებიც. მათ წარმატებული დარტყმა მიიტანეს თეირანსა და ქალაქ არაქიზე, სადაც მედიის ცნობით ირანს ე.წ. მძიმე წყლის რეაქტორი ჰქონდა განთავსებული. ირანული მედიის ცნობით, რადიაციის რისკი არ არსებობს.
იზრდება კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის რისკი. დასავლური მედია, თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპს უკვე დამტკიცებული აქვს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმა, თუმცა ის ჯერ არ აუმოქმედებია. აშშ-ის პრეზიდენტი ელის, რომ ირანი თავად იტყვის ბირთვულ პროგრამაზე უარს.
ამის პარალელურად კი შტატები ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შესაძლო კონფლიქტისთვის ამზადებენ. ირანის სულიერი ლიდერის ბოლო განცხადებით, თეირანზე ეს მუქარა არ მოქმედებს და ქვეყანას არც დანებება აქვს გეგმაში.
“ჩვენ წამოვიწყეთ ეს ოპერაცია ჩვენი სახელმწიფოსგან ორი მთავარი საფრთხის მოსაშორებლად. ესაა ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური საფრთხე. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ამ მიზნებისკენ. უკვე ვაკონტროლებთ თეირანის ცას,უდიდესი ძალისხმევით ვუტევთ აიათოლას რეჟიმის ყველა სიმბოლოს – ბირთვულ შეიარაღებას, რაკეტებს, შტაბ-ბინებს. თბილი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. მადლობა მინდა გადავუხადო დონალდ ტრამპს, ისრაელის უდიდეს მეგობარს. მადლობა გვერდში დგომისთვის”, – აღნიშნა საკუთარ მიმართვაში ისრაელის პრემიერ მინისტრმა.