თითქმის 2 თვეში ევროპარლამენტის არჩევნებია, რუსეთი კი ცდილობს მათ საშინაო საქმეებში ჩარევას. ევროკავშირი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ ეს მცდელობა აღმოფხვრან.
ჩეხეთი სწავლობს ერთ-ერთ ვებგვერდს, რომელიც ავრცელებდა, სავარაუდოდ, პრორუსულ და ულტრამემარჯვენე ნარატივს. გამოძიება ასევე მიზნად ისახავს ევროპარლამენტარებსა და რუსეთს შორის შესაძლო ფინანსური კავშირის გამოვლენას.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვამ ევროპარლამენტს განუცხადა, რომ მოსკოვი ევროპის გაყოფას ცდილობს.
„კრემლი ებრძვის ჩვენს დემოკრატიას, ამიტომ ის გააგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, მავნე ჩარევას, ასევე კორუფციისა და ნებისმიერი სხვა ბინძური ხრიკების გამოყენებას, რაც ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს იმისთვის, რომ ევროპა დაყოს”, – განაცხადა ვერა ჟუროვამ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.
See how many MEPs will represent your country in the EU elections in June ↓
The distribution of seats takes into account the size of the population of EU countries and the need for a minimum level of representation for EU citizens from smaller countries.#EUelections2024 pic.twitter.com/1tFeRumjrG
— European Parliament (@Europarl_EN) April 6, 2024
ევროპარლამენტარები ითხოვენ ზომების მიღებას პუტინის შესაჩერებლად, ასევე დამნაშავეთა დასჯას.
„არ შეიძლება დავუშვათ, რომ არჩევნების წინ ევროპარლამენტის სანდოობა ეჭვის ქვეშ დადგეს. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ევროპული პროექტის მომავლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს ქვეყანა პუტინის ტირანული რეჟიმის წინაშე დგას და გადარჩენისთვის იბრძვის“, – ამბობს ირაცე გარსია პერესი, ევროპარლამენტარი.
„აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, რომ რუსეთის ხელისუფლება და მათი შუამავლები ევროპარლამენტის კანდიდატებს აფინანსებენ პროპაგანდისთვის, აფინანსებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ისინი აირჩია. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ გამოვლენას“, – ამბობს ვალერი ჰეიერი, ევროპარლამენტარი.
თებერვალში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმო რუსეთის ძალისხმევა, შეარყიოს ევროპული დემოკრატია.