კატეგორიები

ტრამპის თქმით, ომისშემდგომი უკრაინა „სხვა ფორმას მიიღებს“

ტრამპის თქმით, ომისშემდგომი უკრაინა „სხვა ფორმას მიიღებს“
„უკრაინა ოდნავ სხვა ფორმას მიიღებს, თუმცა ეს ომი დასრულდება“ – CBS-სთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე რუსული, უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ერთმანეთს, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, აბუ-დაბიში 10 ნოემბერს შეხვდებოდნენ.

ამ სიტყვებით შტატების პრეზიდენტმა დაუშვა, რომ რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შედეგად, უკრაინის ტერიტორია შეიცვლება - ეს მოცემულობა კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელია და არ ექვემდებარება განხილვას ტექნიკური ჯგუფების დონეზე.

ამავდროულად, თეთრი სახლის ლიდერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტერიტორიულ ცვლილებებს გულისხმობდა:

„ეს იყო ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული სიძულვილი. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ.

ჩემი აზრით, ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი... როგორც იცით, თქვენ ამას არ აღიარებთ, მაგრამ არჩევნები გაყალბებული იყო. სწორედ ამიტომ ვიყარე კენჭი მესამედაც  რადგან არჩევნები გაყალბდა. ეს იყო ჩემი საბოლოო გამოკითხვა.

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა. ამის ალბათობა ნულის ტოლი იქნებოდა. მაგრამ ომი დაიწყო და მე ეს ომი მემკვიდრეობით მივიღე.

ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ და ეს აუცილებლად მოხდება. საბოლოოდ, უკრაინის საზღვრები, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული ფორმით ჩამოყალიბდეს.  ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასოდეს მოხდებოდა.“

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კვირას განაცხადა, რომ უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა დამატებითი წინსვლაც იყოს.

პარიზში G7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე რუბიომ აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია, რა სახის უსაფრთხოების შეთანხმებები იქნება საჭირო ომის დასრულების შემდეგ უკრაინისა და მთლიანად ევროპის კონტინენტის დასაცავად.

მოსკოვი და კიევი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე კვლავ შორს არიან საერთო პოზიციის შეჯერებისგან. უთანხმოების მთავარი საკითხი, განსაკუთრებით, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების მომავალია.

ვლადიმერ პუტინი არაერთხელ მოითხოვდა, რომ უკრაინას საკუთარი ჯარები გაეყვანა ოთხი რეგიონიდან, რომელთა ანექსიის შესახებაც მოსკოვმა 2022 წელს გამოაცხადა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, თუმცა ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება დღემდე ვერ შეძლო.

კრემლი ასევე მოითხოვდა, რომ კიევს უარი ეთქვა NATO-ში გაწევრების მისწრაფებაზე და დათანხმებოდა საკუთარი შეიარაღებული ძალების რაოდენობისა და სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას.

უკრაინამ კატეგორიულად უარყო ტერიტორიული დათმობების მოთხოვნა, მათ შორის იმ რაიონების დათმობაც, რომელთა დაკავებაც რუსეთმა სამხედრო გზით ვერ შეძლო.

კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთის მხრიდან ახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების მყარი გარანტიებია აუცილებელი.

ამასთან, კიევი ხაზს უსვამს, რომ ტერიტორიული საკითხების საბოლოო გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვს.

დაკავშირებული ამბები
ტრამპის თქმით, ომისშემდგომი უკრაინა „სხვა ფორმას მიიღებს“ კიევში თვლიან, რომ რუსეთს გამიზნული აქვს ზაპორიჟიეს ოლქის სტრატეგიული წერტილების დაკავება