კატეგორიები

როკ-ჯგუფი U2, ფილმი Ebenezer-ი და ტელესერიალი „მეტოქეები“- სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

როკ-ჯგუფი U2, ფილმი Ebenezer-ი და ტელესერიალი „მეტოქეები“-  სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში: ჯონი დეპი დიკენსის ნაწარმოების ახალ ეკრანიზაციაში სკრუჯის როლს ასრულებს, ირლანდიური როკ-ჯგუფი U2-ი თავისი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, ლონდონის „სააჩის გალერეა“ (Saatchi Gallery) კი ქუჩის ხელოვნების მასშტაბურ ახალ გამოფენას მასპინძლობს - აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის  მთავარი პრემიერების აფიშა.

შობამდე  6 კვირაზე მეტია დარჩენილი, თუმცა სადღესასწაულო პრემიერები უკვე დაიწყო ფილმ Ebenezer-ით -  რომელიც „საშობაო სიმღერის“ („A Christmas Carol“) ტაი უესტის თვალით დანახული ეკრანიზაციაა.

როკ-ბენდ U2-ს მოყვარულებისთვის შობა შეიძლება ითქვას, უკვე დადგა, რადგან ჯგუფმა გამოუშვა მე-16 სტუდიური ალბომი „Carnaval De Luz“, რომლის გამოსვლის შემდეგაც ჯგუფი სტუდიურ ტურზე მიდის.

ორი შესანიშნავი გამოფენის გახსნას ელოდებიან ლონდონსა და პარიზში:  ქუჩის ხელოვნების გამოფენა შედგება ლონდონში, ხოლო პარიზი უმასპინძლებს მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნის პერიოდის ბრიუსელის  ხელოვნებისადმი მიძღვნილ გამოფენას.

 რაც შეეხება დამატებითი რეკომენდაციებს, რომლებსაც ქვემოთ აღარ შევეხებით: ფინეთის Ateneum-ის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას  «Arcana Borealis – Northern Women and Esotericism'»  („ჩრდილოეთის ქალები და ეზოთერიზმი“) ხოლო გერმანიაში, ქალაქ ბრემენის კუნსტალის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ძაღლებისადმი კეთილგანწყობილი გამოფენა, რომელიც ტაქსას ჯიშს ეძღვნება.

და ბოლოს, თუ გრძელი ღამეები არ მოგწონთ, ამის შესანინავი ანტიდოტია პოპულარული სერიალის Rivals-ის მე-2 სეზონის მეორე ნაწილი: პომპეზური და სკანდალური 80-იანი წლების სტილში გადაღებული სიუჟეტი აუცილებლად დაგავიწყებთ მოახლობეული საჩუქრების სეზონით გამოწვეულ თავისტკივილს.

გამოფენები

ბრიუსელი 1900 (Bruxelles 1900)

როდის: 2026 წლის 10 ნოემბერი – 2027 წლის 25 აპრილი

სად: Petit Palais — პარიზი, საფრანგეთი

არქიტექტორმა ვიქტორ ორტამ სავარაუდოდ 1893 წელს ააშენა „ოტელ ტასელი“ (Hôtel Tassel) — დიზაინის შედევრი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არტ-ნუვოს (Art Nouveau) სტილს. ეს ესთეტიკა სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში, თუმცა ამ მიმდინარეობის მხოლოდ პირველი ნიმუშები იქნება წარმოდგენილი Petit Palais-ს ახალ გამოფენაზე — „Bruxelles 1900“. ექსპოზიციაზე გამოფენილია 250-ზე მეტი ნამუშევარი; გამოფენა ასევე მოიცავს არტ-დეკოს (Art Deco), კომიქსებს, ილუსტრაციასა და ფოტოგრაფიას — ყველა იმ მხატვრულ მიმართულებასა თუ ფორმას, რომლებმაც ჩაუყარეს საფუძველი მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქალაქის დინამიკურსა და გავლენიან ხელოვნებას.

„ქუჩის მიღმა“ (Beyond the Streets)

როდის: 2026 წლის 11 ნოემბერი – 2027 წლის 5 მაისი

სად: „სააჩის გალერეა“ (Saatchi Gallery) — ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ქუჩის ხელოვნების სხვადასხვა ფორმა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა. თუმცა, ურბანული გრაფიტის თანამედროვე სახე 1960-იან და 70-იან წლებში ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ჩამოყალიბდა, ხოლო ისეთი მხატვრები, რომელთა შორისაც არის ჟერარ ზლოტიკამიენიც (Gérard Złotykamień), ხელს უწყობდნენ მის გავრცელებას ევროპაში. „სააჩის გალერეა“ ე.წ. სტრიტ-არტის მიმდინარეობის ისტორიას უძღვნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება  100-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც 60 წლის განმავლობაში შეიქმნა.  ექსპოზიციის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ნიუ-იორკის გრაფიტით დაფარული მეტროს ვაგონის მასშტაბური რეკონსტრუქცია, სასხურებელი საღებავებით შექმნილი „უსასრულობის ოთახი“ და ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა არტეფაქტი. უფრო მეტი ნახეთ ამ ლინკზე Find out more here

დამატებითი სიახლე: მხატვარმა მირ ლიმ ამსტერდამის უძველესი ეკლესია — Oude Kerk — ფოლადისა და სლიკინა სილიკონისგან შექმნილ შთამბეჭდავ კინეტიკურ ინსტალაციად გარდაქმნა. გამოფენა 13 ნოემბერს გაიხსნება.

ფილმები

„Ebenezer“-ი

სად: კინოთეატრებში

როდის: 13 ნოემბერს

ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ (A Christmas Carol) წინასაშობაო განწყობის განუყოფელი ნაწილია, რომლის მიხედვითაც ასობით ეკრანიზაცია შეიქმნა. ყველას  თავისი საყვარელი ვერსია აქვს, თუმცა ახალი ეკრანიზაციები ისევ და ისევ გამოდის. მათ შორისაა ამერიკელი რეჟისორის, ტაი უესტის (რომელიც ძირითადად ცნობილია თავისი „X“ ტრილოგიითა და სხვა საშინელებათა ჟანრის ნამუშევრებით) ახალი ფილმი **„**Ebenezer“-ი. „ებენეზერი“ მეტ ყურადღებას სიუჟეტის გოთურ ელემენტებზე აკეთებს. მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს, ბობ კრეტჩიტის როლში რუპერტ გრინტი (“Happy Potter”-იდან) გვევლინება, ხოლო მარლის როლს იენ მაკ-კელენი („ბეჭდების მბრძანებელი“) თამაშობს. ეს არის ოჯახთან ერთად საყურებელი ფენტეზი, რომელიც გვახსენებს, რომ შობამდე დარჩენილი დროის ათვლა უკვე ოფიციალურად დაიწყო!

დამატებითი სიახლეები: გასული კვირა კინოპრემიერებით მდიდარი გამოდგა — დიდ ეკრანებზე გამოვიდა „ოსკარის“ პოტენციური კანდიდატი „Wild Horse Nine“ და სილვესტერ სტალონეს ბიოგრაფიული ფილმი „I Play Rocky“. ხოლო მათ, ვისაც ქალაქების გამაცამტვერებელი რეპტილიები იზიდავს, შეუძლიათ ნახონ  „Godzilla Minus Zero“.

სატელევიზიო სერიალი

„მეტოქეები“ (Rivals) — მე-2 სეზონი, მე-2 ნაწილი

სად: Disney+

როდის: 11 ნოემბერი

80-იანი წლების სკანდალური მელოდრამა „მეტოქეები“ (Rivals) მეორე სეზონის მეორე ნაწილით ბრუნდება. ჯილი კუპერის 1988 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული სიუჟეტი მოგვითხრობს იმ დაპირისპირებაზე, რომელიც ყოფილ ოლიმპიელ კონსერვატორ პოლიტიკოსსა (რომელსაც რუპერტ კემპბელ-ბლეკი ასრულებს) და ყოფილ სატელევიზიო მაგნატს (დევიდ ტენანტის შესრულებით) შორის არსებობს. ამ ორ პერსონაჟს შორის სატელევიზიო იმპერიაზე კონტროლის მოსაპოვებლად გამართული ბრძოლა, ფაქტობრივად, იმ ეპოქის გარყვნილებისა და თავაშვებულობის ალეგორიას წარმოადგენს. ახალ ეპიზოდებში მოვლენები კულმინაციას აღწევს: დრამა მძაფრდება, პერსონაჟების ფსიქიკური მდგომარეობა კი მძიმე ავტოავარიის შემდეგ ირყევა. ამასთან, სიუჟეტი შორდება პირველწყაროს, რაც ნიადაგს ამზადებს უკვე დაანონსებული მესამე სეზონისთვის.

დამატებითი რეკომენდაცია: HBO-ს ახალ ადაპტაციაში — „შერლოკი და ქალიშვილი“ (Sherlock & Daughter), რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგზე, ლეგენდარული ლიტერატურული დეტექტივის როლს დევიდ თიულისი ასრულებს.

მუსიკა

U2: Carnaval De Luz

როდის: 13 ნოემბერი

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიური როკ-ჯგუფი U2 ბრუნდება თავისი მე-16 სტუდიური ალბომით — „Carnaval de Luz“. ეს ნამუშევარი ჯგუფის დუბლინში დაარსებიდან 50 წლისთავს ეძღვნება. ალბომი 12 მრავალფეროვანი კომპოზიციისგან შედგება; ის გამოირჩევა ღრმა, დაღვინებული და, გარკვეულწილად, ეგზისტენციალური ხასიათით. აღსანიშნავია თანამშრომლობა ქანთრი-მუსიკის გარდაცვლილ დედოფალ დოლი პარტონთან — სიმღერა „Torn“, რომელშიც ისინი დუეტს ასრულებენ, მომღერლის უკანასკნელი ჩანაწერი აღმოჩნდა. კიდევ ერთი გამორჩეული კომპოზიციაა „The Mirror Maker“, რომელიც მთლიანად ესპანელ მომღერალ როზალიას ეძღვნება. პროდიუსერ ჯეკნაიფ ლის (Jacknife Lee) თქმით, სასურველი შედეგის მისაღებად სიმღერის ჩაწერა თითქმის 200-ჯერ მოუწიათ. საბოლოოდ, ჯგუფმა მიაგნო სასურველს — იმედია, ამას მსმენელიც იგრძნობს.

დამატებითი სიახლე: მათთვის, ვისაც უფრო არაკომერციული მუსიკა იზიდავს — კალიფორნიული ინდი-ჯგუფი Wavves-ი 2026 წლის 13 ნოემბერს  უშვებს თავის მე-11 სტუდიურ ალბომს, „Cherry Soda“.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
როკ-ჯგუფი U2, ფილმი Ebenezer-ი და ტელესერიალი „მეტოქეები“- სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში დაწნული ქმარი და აგათა კრისტი - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში