კრემლი აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისიდანვე მზად არის, შეერთებული შტატების მონაწილეობით, განაახლოს სამმხრივი მოლაპარაკებები კიევთან.
სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტისა და თეთრი სახლის ლიდერის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრისგან, როგორც საერთაშორისო მედიაც ვარაუდობდა, განსაკუთრებული მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, რადგან რამდენიმესაათიან კომუნიკაციას დიდი გარღვევა არ მოუტანია - ომი კვლავ გრძელდება და მოსკოვი კვლავ უარს ამბობს დათმობებზე და კვლავ მოითხოვს კიევისგან, ფაქტობრივად, კაპიტულაციას მოაწეროს ხელი.
მხარეებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია მადლიერებით დაიწყეს, მათ შორის „დიზელის შეთანხმების“ გამოც.
„თქვენი გადაწყვეტილება, მოეხსნათ რუსული დიზელის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები და ნება დაგერთოთ მისი გაყიდვისთვის არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ეკონომიკური შოკის ფონზე, ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ვიცი, რომ პრეზიდენტი ამისთვის დიდ მადლიერებას გამოხატავს. ასევე მადლიერნი არიან ჩვენი ფერმერები და სხვა ადამიანები, მათ შორის სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც დიზელს იყენებენ და რომლებზეც დიზელის საწვავის კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა. ეს ეხება მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებსაც.
ეს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა.
რუსული მხარე სამშვიდობო პროცესზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს და ამტკიცებს, რომ თავად პუტინი „მზად არის, მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში მონაწილეობა მიიღოს“.
ამ საკითხში მოსკოვის ერთგვარ „მოულოდნელ მოკავშირედ“ ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპი იქცა, რომელიც კრემლის პრესსპიკერის მსგავსად იმეორებს, რომ შეთანხმების მისაღწევად კიევს „1-2 წლის წინ“ უკეთესი პირობები ჰქონდა.
„ყველა ეს წინადადება შესწავლილი იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უკრაინელებზეა დამოკიდებული - რამდენად მზად არიან ისინი, გულწრფელად ეძიონ მშვიდობის მიღწევის გზები. ერთი-ორი წლის წინ მათ შეეძლოთ შეთანხმებისთვის მიეღწიათ მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით. ახლა კი მათი პოზიცია გაუარესებულია. თუმცა, ხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
უკრაინის მონაწილეობით, სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლო ადგილად აბუ-დაბი განიხილება, თუმცა ეს რეგიონი ამჟამად სხვა სამხედრო თუ პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.
სამაგიეროდ, მოსკოვში ემზადებიან სხვა სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელსაც კიევი, საკუთარი მონაწილეობის გარეშე, მკაცრად ეწინააღმდეგება. საუბარია ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში ჩასატარებელ სამიტზე, რომელზეც უნდა შედგეს კომუნიკაცია ტრამპს, პუტინსა და სი ძინ პინს შორის.
„როგორც ჩანს, ამ სამმხრივი შეხვედრით ყველა დაინტერესებულია. ეს, ალბათ, გარკვეულწილად ისტორიული შეხვედრა იქნება. პირველად ხდება, რომ ასეთი დიდი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. როგორც უკვე ვთქვი, ყველა მზად არის ამისთვის, თუმცა ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, დამოკიდებულია სამიტის ჩინელ მასპინძლებზე, რომლებმაც, თუ გარემოებები ხელს შეუწყობს, ეს ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პროგრამაში უნდა შეიტანონ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
ერთადერთი სიახლე, რითაც სანქტ-პეტერბურგის 21 ოქტომბრის მოლაპარაკებები წინა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა, ამერიკის მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოიცავდა, რასაც ვაშინგტონი „უკანონოს“ უწოდებდა.
წარმოშობით მიჩიგანიდან, 74 წლის სტივენ ჰაბარდი ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. 2014 წელს ის უკრაინის ქალაქ იზიუმში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც რუსულმა საოკუპაციო არმიამ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავა.
რუსული მხარის გამოძიების თანახმად, ჰაბარდმა ადგილობრივ ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მას თვეში დაახლოებით 1 000 აშშ დოლარი უნდა მიეღო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამერიკელი საბრძოლო მოქმედებებში 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობდა, ვიდრე მას რუსი სამხედროები დააკავებდნენ. ამერიკელის დამ, პატრიცია ჰაბარდ ფოქსმა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.
2024 წლის შემოდგომაზე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჰაბარდი დაქირავებულ მებრძოლად ცნო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო და მას საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ეს მართლაც საოცარი ამბავი იყო. არავის ეგონა, რომ მას მომდევნო 20-25 წლის განმავლობაში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ მადლიერები ვართ, რომ მისი გათავისუფლება შევძელით. სანაცვლოდ არაფერი გაგვიცია, რაც ძალიან იშვიათია. ჩვენ სანაცვლოდ არასდროს არაფერს ვიძლევით. ასობით მძევალი გაგვითავისუფლებია და დაგვიბრუნებია. ჩვენ არაფერს ვთმობთ. როგორც კი რამეს დათმობ, საბოლოოდ პრობლემას ოთხჯერ უფრო გაართულებ...“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შტატების პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს ის სტივ უიტკოფის შეფასებაზე, რომელმაც ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა:
„შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკრეტული მიზნისთვის გაკეთდა - იმისთვის, რომ გაგვეთავისუფლებინა ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ ციხეში სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა. თუმცა, ამ საკითხზე არც ერთ მხარეს არ დავიჭერდი და არაფერს ვიტყოდი.
იცით, ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა უკრაინაში ომი შევაჩეროთ. რუსეთის მიმართ საკმაოდ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ირანის კონფლიქტში არ ჩართულა. ჩვენ ირანი ისეთ დონემდე დავასუსტეთ, როგორიც მას არასდროს უნახავს“, - დასძინა აშშ-ის ლიდერმა.
იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ „დიდად არაფერს აკეთებს“ - სხვაზე მეტყველებს 21-22 ოქტომბრის ღამით განვითარებული მოვლენები. კიევზე კვლავ სარაკეტო და დრონებით იერიშები განხორციელდა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.
სამიზნეებად მოსკოვმა კვლავ განსაზღვრა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ირგვლივ არანაირი სამხედრო დანიშნულების ფართი არ მდებარეობს, რაც რაიმე ფორმით მაინც გაამართლებდა კრემლის საოკუპაციო არმიის ქმედებებს.
