კატეგორიები

ტრამპი პუტინთან და სი ძინ პინთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა

ტრამპი პუტინთან და სი ძინ პინთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკვე მომდევნო თვეშია მზად, გამართოს სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან ერთად.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, შეხვედრა, შესაძლოა, შენჩჟენში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული სამიტის ფარგლებში შედგეს. მანვე დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინ პინთან განსახილველი ბევრი აქვს, თუმცა შეხვედრის მთავარ მოტივად კიევის წინააღმდეგ წარმოებული ომი არ დაუსახელებია. ტრამპის მტკიცებით, უკრაინასთან მიმართებით რუსეთი „ნორმალურად იქცევა“ და „დიდად არაფერს აკეთებს“.

„რა თქმა უნდა, უკრაინასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მასთან [პუტინთან]. ამიტომ არ მსურს, მოლაპარაკებები შუა პროცესში ჩავაშალო.

სხვათა შორის, მე მაქვს უფლება, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ შევწყვიტო ეს მოლაპარაკებები. ასე რომ, თუ საქმე სასურველად არ წარიმართება, ყოველთვის შემიძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, დათანხმდა თუ არა სამმხრივ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან, უკრაინის საკითხზე სასაუბროდ, ტრამპმა უპასუხა:

„არა, მაგრამ მზად ვიქნებოდი ამისთვის. თუმცა, არა იმდენად უკრაინის საკითხზე სასაუბროდ, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინასთან მიმართებით ნორმალურად იქცევა. მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც. ჩვენ ამ შეხვედრას ბირთვულ იარაღსა და ბირთვულ განიარაღებაზე სასაუბროდ გავმართავდით.“

შტატების პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნედ მორიგ ჯერზე იქცა ვოლოდიმირ ზელენსკი. დონალდ ტრამპის თქმით, „დროა, უკრაინის სახელით ვინმე სხვამ აწარმოოს მოლაპარაკებები“, რადგან, როგორც ამბობს, ზელენსკი არ არის მზად ომის დასასრულებლად.

მსგავსი რიტორიკით თეთრი სახლის ლიდერი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ოქტომბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკი დიდად არ უწყობს ხელს სიტუაციის მოგვარებას. ვფიქრობ, მას არ სურს ამ ყველაფრის შეჩერება. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შესახებ, სადაც მან დონალდ ტრამპზე თქვა, რომ ის უკრაინაში რუსეთის ომის საკითხში „ისტორიის არასწორ მხარეს დგას“.

„ზელენსკიმ თქვა ეს? ზელენსკიმ საერთოდ არ იცის, რაზე ლაპარაკობს. ზელენსკი ისეთი ადამიანია, რომელსაც ეს ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. ჩემთვის რომ დაეჯერა, დიდი ხნის წინ ბევრად უკეთეს შეთანხმებას მიაღწევდა და მისი მხრიდან მილიონი ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა. და, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები უკვე სხვამ აწარმოოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოვა სისრულეში დონალდ ტრამპის მიზანი, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრის თაობაზე, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ „ჰიპოთეტურად“ სამმხრივი მოლაპარაკებების საკითხი „ნამდვილად იყო ნახსენები“.

დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან აზიური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამაგიეროდ მოლაპარაკებების გამართვის იდეა გააკრიტიკეს მათმა უკრაინელმა კოლეგებმა.

ანდრი სიბიჰას თქმით, კიევის გარეშე შეხვედრა პუტინს მხოლოდ წაახალისებდა ომის გასაგრძელებლად. სოციალურ ქსელებში უკრაინის პირველმა დიპლომატმა დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „არა მსოფლიო ლიდერი, არამედ სამხედრო დამნაშავეა“.

ამასთან, პუტინი არაერთხელ გამორიცხავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მომზადებამდე.

ის ახლაც ეჭვქვეშ აყენებს ზელენსკის უფლებამოსილებას, ხელი მოაწეროს ასეთ დოკუმენტს, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობის პირობებში მისი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა.

დაკავშირებული ამბები
თეირანში სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბას არაღჩისთან შეხვედრა გამართა ტრამპი პუტინთან და სი ძინ პინთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა