კატეგორიები

„სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებით მძიმე დღე“ - პარიზში პროტესტი გრძელდება

„სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებით მძიმე დღე“ - პარიზში პროტესტი გრძელდება
„სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებით მძიმე დღედ“ შეფასდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარიზში, 13-14 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, როდესაც ლიცეუმის მოსწავლეების მშვიდობიანი მსვლელობა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ვობანის მოედანზე გამართული პროტესტის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიმართულებით ქვების, ბოთლებისა და პიროტექნიკის სროლა დაიწყეს, რასაც ქუჩებში გამოყვანილმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი დაუპირისპირა.

Euronews-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ პოლიციამ ასევე გამოიყენა ხმოვან-მანათობელი ყუმბარები.

საფრანგეთში ამ ტიპის ყუმბარების გამოყენება სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. მთავრობამ მათი გარკვეული ტიპის გამოყენება შეაჩერა მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში, ლიცეუმის შენობასთან საპოლიციო ოპერაციის დროს, 15 წლის მოსწავლე დაშავდა და ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 161 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 41 500 პარიზის ქუჩებში გამოვიდა.

პროფკავშირები გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ და ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეთა საერთო რაოდენობას დაახლოებით 480 000 ადამიანით აფასებენ.

წინა სტუდენტური საპროტესტო აქციების ბევრი მონაწილე მშვიდობიან პროტესტს უჭერდა მხარს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ პოლიციის სისასტიკეზე ძალადობრივი პასუხი, შესაძლოა, გამართლებულად ჩაითვალოს.

ამ მიდგომის მომხრეების თქმით, კომერციული ობიექტების დამტვრეული ვიტრინებისა და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული სანაგვე ურნებისა თუ სხვა ტიპის ქუჩის ატრიბუტიკისთვის ცეცხლის წაკიდება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, ერთი მხრივ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ფაქტის გამო, რომ ზიანს დაზღვევა აანაზღაურებს.

უფლებადამცველთა ნაწილმა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. ორგანიზაცია Amnesty International-ის ფრანგული განყოფილების ხელმძღვანელმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების მაქსიმალური უსაფრთხოება.

საფრანგეთის შსს აცხადებს, რომ პოლიცია ცდილობს ვითარების განმუხტვას და მაქსიმალურად იკავებს თავს ძალადობრივი ქმედებების გამოყენებისგან.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირება სექტემბრის შუა რიცხვებში, პარიზის გარეუბნებში დაიწყო, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

უკმაყოფილების ძირითადი მიზეზები იყო მასწავლებლების ნაკლებობა, სკოლების არასათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და გადატვირთული კლასები.

დაკავშირებული ამბები
„სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებით მძიმე დღე“ - პარიზში პროტესტი გრძელდება ბრიუსელში გამართულ აქციაზე პოლიციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა