კატეგორიები

ჰერმოპოლისში ყოველწლიური საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი Animasyros გაიმართა

ჰერმოპოლისში ყოველწლიური საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი Animasyros გაიმართა
Copyright Alexandros Petrakis

ანიმაციის მასშტაბური ზეიმი — Animasyros — ჰერმოპოლისში უკვე მეცხრამეტედ გაიმართა. საბერძნეთის უდიდესმა საერთაშორისო ანიმაციურმა ფესტივალმა, რომელიც ევროპაში ამ ტიპის ღონისძიებებს შორის საუკეთესო ოცეულში შედის, უჩვეულოდ მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა. ფესტივალმა გააერთიანა 50 ქვეყნის როგორც აღიარებული, ისე დამწყები კინემატოგრაფისტების 280-ზე მეტი ფილმი.

„ვფიქრობ, ფესტივალი ანიმაციის სფეროში უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა როგორც ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ის დიდ ყურადღებას უთმობს ბერძნული და ევროპული ნიჭის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, ფესტივალის მიზანია ანიმაციაში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოჩენა, რაც, ჩემი აზრით, აუდიოვიზუალური ინდუსტრიისა და კონკრეტულად ევროპული ანიმაციის მდგრადი მომავლის გასაღებია“. - განაცხადა  Animasyros-ის საერთაშორისო ფესტივალის პრეზიდენტი, ვასილის კარამიცანისი.

წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი  საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული და ჯილდოების მფლობელი ხმის დიზაინერი ოლივიე კალვერი იყო. ხანგრძლივი კარიერისა და წამყვან რეჟისორებთან თუ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წყალობით, კანადელმა ხელოვანმა არაერთი გამორჩეული ნამუშევრისთვის შექმნა უნიკალური ჟღერადობა. მან ჩაატარა მასტერკლასი, რომელიც ხმას, როგორც თხრობის განმსაზღვრელ ინსტრუმენტს, მიეძღვნა.

„ხმის დიზაინი განსაზღვრავს ფილმის საერთო ჟღერადობას, შესაბამისად, მუშაობა გარემოს ნებისმიერ ჟღერადობასთანაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს რეალისტური ელემენტები: ფრინველები, ტრანსპორტის ხმაური, ზღვა თუ ტალღები. თუმცა ხმას შეუძლია ქვეცნობიერ დონეზეც იმოქმედოს; მისი საშუალებით შესაძლებელია სცენაში დაძაბულობის შექმნა. მხატვრულ ფილმებში ხმა უპირველესად ბუნებრივი გარემოსთვის იქმნება. ანიმაციაში კი ყველაფერი ხელოვნურად ხდება — ეს სრულიად ახალი სამყაროა, ამიტომ რატომ უნდა იყოს ხმა ბუნებრივი ან რეალისტური? ანიმაციურ ფილმში რეალისტური ჟღერადობა აუცილებელი არ არის. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სრულიად განსხვავებული, უნიკალური სამყარო. ახალი სამყარო, რომელიც ელის, რომ აღმოაჩინონ“. - ამბობს ხმის დიზაინერი, ოლივიე კალვერი.

წლევანდელი ფესტივალი ფილმ „Decorado-თი“ გაიხსნა. ღონისძიება საბერძნეთში ესპანეთის საელჩოსა და „სერვანტესის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გაიმართა. ფილმი ანიმაციურ ფორმატში გადმოცემულ „ტრუმენის შოუს“ მოგვაგონებს.

„ფილმი ასევე ეხება იმას, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება — ან უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა კორპორაცია — ადამიანების დეჰუმანიზაციას. სიუჟეტი უმუშევარ მამაკაცზეა, რომლისთვისაც ყველაფერი უცნაურად გამოიყურება. ის ამ ყველაფერს რეალობად არ აღიქვამს, რადგან ეს მისთვის უცხოა. ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, გვემუშავა ამ პერსონაჟებსა და გარემოზე ფერთა უჩვეულო შეხამების გზით. შედეგად, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ეს კოშმარია და არა ჩვეულებრივი სიზმარი“. - განაცხადა არტდირექტორმა, ხოსე ლუის აგრედამ.

ანიმაციური ფილმების ფესტივალ „Animasyros“-ის  მე-19 გამოშვების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი მოიპოვა ანა მანცარისის ფილმმა „Please“.

დაკავშირებული ამბები
ჰერმოპოლისში ყოველწლიური საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი Animasyros გაიმართა საბერძნეთმა ბულგარეთს ქვეყნის პირველი იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მმართველის, მეფე სამუილის, ნეშთი დაუბრუნა